
დარგში "საბავშვო ბაღების" შექმნაა საჭირო, რომელიც მევენახეობას განავითარებს | გია პირადაშვილის შეფასება
მეღვინეობების „ვინივერიას“ და „ჯანიანის“ თანადამფუძნებელი გია პირადაშვილი იმ რეგულაციების მოწინააღმდეგე არ არის, თუ ისინი დარგს არგებს - ასე უპასუხა მან „რუსთავი 2“-ის დებატებში წამყვანის კითხვას, რომელიც ვენახის გაშენების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით მის პოზიციებს და დარგის განვითარების შესახებ მის ალტერნატიულ ხედვას შეეხებოდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირისპირ საუბრისას, გია პირადაშვილმა განმარტა, რომ მევენახეობა-მეღვინეობა ფართომასშტაბიანი დარგია - ცოდნა, სანერგეები, ლაბორატორიები, სხვადასხვა სპეციალობისთვის აუცილებელი სკოლები, ისეთები როგორიც არის ბომბერები და მექვევრეები, ბოთლის ადგილობრივი წარმოებები და ღვინის რეალიზაციის ადგილობრივი ქსეელები - ეს ის გამოწვევებია, რომელიც მეღვინის შეფასებით დღეს დახმარებას და მიხედვას საჭიროებს და რომლის გარეშეც ინდუსტრია არ განვითარდება. აქედან გამომდინარე პირადაშვილის აცხადებს: „ვფიქრობ, მევენახეობაში საჭიროა „საბავშვო ბაღების“ შექმნა, რომელიც ღვინის ხარისხზე შედეგს და სწორი მევენახეობის განვითარებით სწორი ღვინის დაყენების შესაძლებლობას მოგვცემს“.
"მე არაფერი იმის მოწინააღმდეგე არ ვარ, თუ ეს რეგულაცია დარგს რაიმეს შემატებს. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილების გაზიარება, რაც ძალიან გვაკლია. ჩვენ არაჩვეულებრივი სახელმძღვანელო გვაქვს - საქართველოს ამპელოგრაფია. იქ ძალიან კარგად არის დახასიათებული გეოგრაფიული არეალები სად, რა შენდებოდა, ფართობები და ა.შ. ეს წიგნები ძალიან არასაკმარისად არის.
მე თავად ვენახების გაშენების შესახებ რეგულაციების კანონი 3 დღის წინ წავიკითხე, მაგრამ ამაზე კამათი და დებატები გვქონდა ცნობილ მევენახეებთან და მეღვინეებთან უკვე რამდენიმე თვეა - რა შეიძლება და როგორ ჯობია. მე არანაირი რეგულაციის მოწინააღმდეგე არ ვარ, თუ ეს რეგულაცია დარგს რაღაცაში არგებს.
ხარისხის კონტროლი... მხოლოდ [ნიადაგის შესწავლით] ნიადაგი რომ შევისწავლოთ, ჩვენ გვჭირდება ლაბორატორია, რომელიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სადაც ჩვენ ნიმუშს გავაგზავნით. თუკი რამეს ვაპირებ, მე დღეს [ნიმუშს] ვაგზავნი გერმანიასა და იტალიაში. იქაც რამდენიმე ლაბორატორიაში, სადაც მე ხელი მიმიწვდება და ვიცი, რომ უფრო კარგ ფასს მომცემენ და ა.შ. ასევე, თუკი მე ვყიდულობ ხარისხიან ნერგს, ჩვენ შემთხვევაში, ნამყენს, მე მივდივარ ან საფრანგეთში ან იტალიაში. იტალიაში არსებობს "რაუშედო", რომელიც კოოპერაციაა. რამდენიმე სოფელი მუშაობს ნამყენის გამოყვანაზე, რომელიც ჩვენთან ვერ დაინერგა. იმიტომ ვერ დაინერგა, რომ არ გვაქვს ამის კარგი სკოლა. ის სკოლა, რომელიც სტიქიურად მოდიოდა რამდენიმე თაობის განმავლობაში და დღეს აღარ არსებობს. დღეს არ გვყავს ბონდერები, რომლებიც გააკეთებენ კარგ კასრებს, კარგ ჩანებს ააშენებენ, იციან იმის გამოწვა და კასრთან მოპყრობა. არ გვყავს კარგი მექვევრეები, არ გვაქვს კარგი გამოსაწვავი ღუმელები, ძალიან ბევრმა ქვევრმა წუნი მოგვცა. არ ვუზიარებთ ერთმანეთს წარმატებას და წარუმატებლობას... ქვევრი როგორ გარეცხოს, რა სახის დეზინფექცია უნდა გაუკეთოს, რომ ჰიგიენის დაცვა უზრუნველყოს. ერთი კომპანია ვიცი, რომელსაც ნერგების საცდელი სადგური აქვს, მაგრამ მას იმხელა მასშტაბი და დაფინანსება არ აქვს, რომ [ლევან უჯმაჯურიძემ] მარტომ გააკეთოს ეს... ჯიშების უზარმაზარი სპექტრი გვაქვს რეგიონების მიხედვით და იმდენად მასშტაბურია ეს დარგი, რომ ვფიქრობ, მხოლოდ რეგულაციით... კი, შეიძლება ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს, მაგრამ ვფიქრობ, მევენახეობაში საჭიროა „საბავშვო ბაღების“ შექმნა, რომელიც ღვინის ხარისხზე შედეგს მოგვცემს, რომ სწორი მევენახეობის განვითარებით სწორი ღვინის დაყენების შესაძლებლობას მოგვცემს.
ღვინის ქვეყანა ვართ და ღვინის ბოთლს ვერ ვუშვებთ, ხომ არ ჯობია ამაზე ვიფიქროთ?! ჩვენი მეზობლები - აზერბაიჯანში და სომხეთში არის პატარა საწარმოები, სადაც ჩვენ ღვინის ბოთლს ვყიდულობთ, იტალიაშია პატარა და დიდი საწარმოებიც, სადაც ძალიან ძვირს ვიხდით. ათეული წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საუბარი, მოვიძიეთ კომპანიები, რომლებიც აქ შემოსვლას და ასეთი წარმოების გაკეთებას შეძლებდნენ იგივე აზერბაიჯანთან ერთად... იყო ამაზე საუბარი, მაგრამ რატომღაც მერე ეს მიფუჩეჩდა.
ძალიან გამიხარდა, რომ ამ ბოლო დროს დააყენეს ჩემთან ყუთები, სადაც მე ბოთლს ვყრი და ჩაბარებულ ბოთლში ფულს მიხდიან - ამით უნდა დაგვეწყო და არა იმით, რომ შეგვეზღუდა და შემდეგ დავფიქრებულიყავით პლასტმასის ბოთლების სასმლის ჩამოსხმის გადაწყვეტილების გადავადებაზე. ეს არის მთავარი, როდესაც ბოთლის საკუთარი წარმოება არ გვაქვს, როდესაც არ გვაქვს ბონდერების სკოლა, როდესაც არ გვაქვს კარგი ქვევრის გამოსაწვავი, ერთადერთი ქვევრის გამოსასწვავი ვიცი, რომელიც 10-15 წელიწადია გაჩერებულია - იქ რაღაც მუშაობა მიდის და ეკლესია თავის გაკეთებას ცდილობს... ამ ტემპით თუ გვინდა წასვლა და იმ ტემპით, როგორითაც მსოფლიოში ღვინის სმა კლებულობს, საბოლოოდ, ჩვენ ძალიან ცუდ ადგილას აღმოვჩნდებით.
ამასთან, არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ახალგაზრდა ღვინო ასეთი ფასი უნდა ღირდეს, რაც ღირს, საქართველოში არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი ქსელი, რომელიც ღვინოს ყიდის. იყო პატარ-პატარა მაღაზიები, მაგრამ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დაიხურა - იგივე ტურიზმის შემცირების გამო, ომების გამო... იგივე მაღალი ფასის გამო... არ ვიცი ამაში ხელი ვინ უნდა შეუწყოს, მაგრამ ამაში უნდა დაგვეხმაროს ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, რადგან ჭაჭას რატომ უნდა ჰქონდეს 14 ლარი აქციზის გადასახადი და საბრენდე სპირტს 6 ლარი - ვერ გავიგე. ჩვენ ასევე არ გვაქვს ბაზრობების მოწყობის კულტურა, რაც გერმანიასა და იტალიაში ხდება... ეს არის მთავარი ჩემი გულის ტკივილი და არა ის, რომ ერთი სამინისტრო ეცდება თავისი წვლილის შეტანას იმაში, რომ მევენახემ ვენახი იქ არ გააშენოს, სადაც ის ყურძენს ვერ მიიღებს, ან ცუდი ხარისხის ყურძენს მიიღებს, მაშინ პურზე და მარცვლეულზეც უნდა იყოს რეგულაცია, რადგან ადამიანებს არ აქვთ ცოდნა. თუ ჩვენ სამაგიდო წიგნად არ გავიხადეთ ამპელოგრაფია, თუ ჩვენ ერთმანეთის გამოცდილება არ გავიზიარეთ არაფერი გამოვა", - განაცხადა გია პირადაშვილმა.
ცნობისთვის, XI მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე კანონმდებლებმა "ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანეს, რომლითაც ახალი, სამეწარმეო მიზნებით ვენახის გაშენება რეგულირდება. 1 მაისიდან ყველამ, ვისაც ვენახის გაშენება, შემდეგ კი ყურძნისა და ღვინის გაყიდვა სურს, ნებართვა "ღვინის ეროვნული სააგენტოსგან" უნდა მიიღოს. რაც იმას ნიშნავს, რომ სააგენტო, რომელსაც აქამდე მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ჰქონდა, ახლა ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც იქნება.
ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, იქიდან აღებულ ყურძენს ან ღვინოს ვეღარ გაყიდის. კანონით გათვალისწინებული ცვლილებები მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება და ახალ გასაშენებელ ვენახებზე გავრცელდება. კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება.
BM.GE
წყარო: bm.ge