
"დარწმუნებული ვარ, ღვინის ეროვნული დღე ტრადიციად იქცევა" - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ღვინის ეროვნული დღე, რომელიც ხელისუფლებამ დააწესა და დღეს პირველად აღინიშნა, ტრადიციად იქცევა. ამის შესახებ მან ღონისძიების გახსნისას განაცხადა.
დავით სონღულაშვილმა პრემიერ-მინისტრს ღვინის ეროვნული დღის დაწესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის პროფესიონალებს, ტურისტებსა და ღვინის მოყვარულებს გააერთიანებს. მინისტრის თქმით, ღვინის ეროვნული დღე ხელს შეუწყობს საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას, კულტურის პოპულარიზაციასა და ცოდნის გაზიარებას.
„ჩვენს ქვეყანაში ვაზისა და ღვინის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ყველგან ნახავთ - ქართველი ადამიანის სიტყვაში, ყოველდღიურ ცხოვრებასა და ტრადიციებში. სწორედ ამ სიყვარულმა და პატივისცემამ მოიტანა ქვევრში ღვინის დაყენების 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია დღემდე. ქართული ღვინო თითოეული ჩვენგანისთვის არის ეროვნული იდენტობა, ისტორიული მეხსიერება და კულტურა, რომელიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ღვინო ქართველია“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების შესწავლისა და აღდგენის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდაჭერითაც სამინისტროს ბაზაზე კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს.
„დღეს, როდესაც პირველად აღვნიშნავთ ღვინის ეროვნულ დღეს, გვინდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო საკუთარ უნიკალურ ღვინის კულტურას განსაკუთრებულად უფრთხილდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ვაზის იშვიათი ჯიშების კვლევასა და განვითარებაზე, რათა ქართული მეღვინეობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და საერთაშორისო დონეზე ღირსეულად იყოს წარმოდგენილი. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში ვაზის ასეულობით ადგილობრივი ჯიშია დაცული, რაც ქართულ ღვინოს განსაკუთრებულ მრავალფეროვნებას ანიჭებს. დარწმუნებული ვარ, ღვინის ეროვნული დღე ტრადიციად იქცევა, რომელიც გააძლიერებს ღვინის სექტორს, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციას მსოფლიოში. ქართული ღვინო იყო, არის და იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.