
"დების ღვინის" გაყიდვები 50%-ით გაიზარდა - მცირე საოჯახო მარანი ექსპორტის მიმართულებით მუშაობს
საოჯახო ღვინის მწარმოებელი კომპანიის "დების ღვინო" დამფუძნებელი თამთა აივაზიშვილი აცხადებს, რომ 2026 წლის პირველ ოთხ თვეში კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, გაყიდვების ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ღვინის ფესტივალებმა და სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურმა მონაწილეობამ ითამაშა.
„გაყიდვების კუთხით კმაყოფილი ვართ. ღვინის ფესტივალებზე საკმაოდ აქტიურად ვმონაწილეობთ და მსგავსი ღონისძიებები ჩვენ, მცირე და საშუალო მეღვინეებს, ძალიან გვეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ თავად წარმოვადგინოთ ჩვენი პროდუქცია და პირდაპირი გაყიდვები ვაწარმოოთ. ამ ოთხ თვეში დაახლოებით 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - განაცხადა თამთა აივაზიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის მომხმარებლებს შორის როგორც უცხოელი ტურისტები, ისე ქართველი მომხმარებლები არიან, რაც მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა. გარდა ამისა, თამთა აივაზიშვილი ამბობს, რომ კომპანია სარეალიზაციო ბაზრების გაფართოებაზე, მათ შორის ექსპორტზე მუშაობს, თუმცა პროცედურები დროში ჭიანურდება.
"ყველა მეღვინეს გვინდა, რომ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. თუმცა ექსპორტის მიმართულებით პროცედურები საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია. ეს პროცესი ზოგჯერ წლებიც კი გრძელდება. ამ დროისათვის ნიმუშები გაგზავნილი გვაქვს იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში", - აღნიშნავს ის.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, „დების ღვინოს“ წარმადობის გაზრდის რესურსი აქვს. ამჟამად, კომპანია ხუთ პოზიციას აწარმოებს და პრემიუმ ხარისხის ღვინოებზეა ორიენტირებული. 2025 წელს „დების ღვინომ“ დაახლოებით 3500 ბოთლი აწარმოვა და წარმადობის მცირე ზრდას წელსაც არ გამორიცხავს. "ყოველწლიურად შესაძლოა წარმოება დაახლოებით 500 ბოთლით გავზარდოთ, თუმცა ყველაფერი მოსავალზეც არის დამოკიდებული. ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია და ეს საბოლოოდ პროდუქციის რაოდენობაზეც აისახება", - ამბობს თამთა აივაზიშვილი.
ინფორმაციისთვის : "დების ღვინომ" წარმოება 2017 წლიდან დაიწყო და ამ ეტაპზე, 5 სახის ღვინოს, კერძოდ ქისის, ხიხვს, კახურ მწვანეს, წარაფსა (რქაწითელს) და საფერავს აწარმოებს. მეღვინეობა საოჯახო ბიზნესია და კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარეობს.
BM.GE
წყარო: bm.ge