
„დღეს, საქართველოს ხელისუფლებაში პრაგმატიკოსები არიან...“ - სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს ხელისუფლება პრაგმატიკოსებისგან შედგება, ვისთანაც რუსეთი ურთიერთობებს „რეგულარულ საფუძვლებზე“ ინარჩუნებს. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მას რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებთან მიმართებით „ევროკავშირის ანტირუსული ქმედებების“ შედეგებზე ჰკითხეს.
„დასავლეთს სურს, ჩვენს მეზობლებს წაართვას რუსეთთან თანამშრომლობით მიღებული უპირატესობები“, - განაცხადა ლავროვმა და საქართველოსთან მიმართებით აღნიშნა, რომ ქვეყნის დღევანდელ მმართველებს გაცხადებული ევროპული კურსი აქვთ, თუმცა მისი შეფასებით, ისინი იაზრებენ იმ მოცემულობას რა შეიძლება ელოდეს ქვეყნის სოფლის მეურნეობას ევროგაერთიანებაში შესვლით. რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, დღეს საქართველოს სავაჭრო კავშირების დიდი ნაწილი რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებზე მოდის.
„დღეს, საქართველოს ხელისუფლებაში პრაგმატიკოსები არიან, ისინი ადასტურებენ თავიანთ კურსს ევროკავშირისკენ, თუმცა ესმით, რომ ამ შემთხვევაში საქართველო ვეღარ იქნება ის ქვეყანა, რომელიც თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითაა ცნობილი. ნებისმიერი სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაფართოების დროს შედიოდა, თავის სოფლის მეურნეობას კარგავდა, რადგან ევროკავშირში არიან „მეტრები“, რომლებსაც თავიანთი სოფლის მეურნეობა აქვთ, თავიანთი გლეხები და აქვთ საკუთარი ინტერესები აქვთ.
საქართველოს ვაჭრობის 70% ახლა რუსეთსა და დსთ-ის სხვა ქვეყნებზე მოდის. და მნიშვნელოვანი წილი ჩინეთთან და სხვა ქვეყნებზე მოდის. ამიტომ, თუ საქართველო ევროკავშირში შევა, ეს ყველაფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოთხოვნებს უყენებს ბრიუსელი ახალ წევრებს. რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთების მოთხოვნაზე, ევროკომისიის ყველა საგარეო პოლიტიკური ქმედების აღიარების მოთხოვნაზე და ა.შ.
მე მიმაჩნია, რომ ახლა საქართველოში პრაგმატიკოსები არიან, როგორც უკვე ვთქვი. და ჩვენ, დიდ წილად, ურთიერთობებს რეგულარულ საფუძველზე ვინარჩუნებთ. რუს ტურისტებს უყვართ იქ ჩასვლა და საქართველოს ბუნებით, ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა“, - განაცხადა ლავროვმა.
ევროკავშირის პოლიტიკის კონტექსტში მან სომხეთზეც ისაუბრა და თქვა, რომ დღეს ამ გამოცდას სომხეთი გადის.
„ახლა მეზობელი სომხეთიც გადის გამოცდას ევროკავშირის ამ კლიშეთი — „ან-ან, აირჩიეთ“. პრეზიდენტმა პუტინმა ამ თემაზე ძალიან დეტალურად ისაუბრა 9 მაისის პრესკონფერენციაზეც: სომხეთმა თავად უნდა გადაწყვიტოს, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, სურს მას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენა თუ ევროკავშირთან შეერთება. ჩვენ პატივს ვცემთ სომეხი [ხალხის] ნებისმიერ არჩევანს, ოღონდ ეს არჩევანი გაკეთდეს.
სომხეთის ხელმძღვანელები, ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი ამბობს: „ჩვენ რეფერენდუმს მხოლოდ მაშინ გამოვაცხადებთ, როდესაც საკითხი მწვავედ დადგებაო“. ეს კი რას ნიშნავს? ბატონმა ფაშინიანმა, როდესაც ის წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა, როდესაც მშვიდობის მტრედს უშვებდა, თქვა: „მე არ შემიძლია ვაიძულო სომხეთი წავიდეს აქეთ ან იქით, მე ვალდებული ვარ შევთავაზო ალტერნატივა, ხოლო გადაწყვეტილებას ჩემი ხალხი მიიღებს, მაგრამ მე ალტერნატივებს ვუჩვენებო“ - განაცხადა ლავროვმა.
BM.GE
წყარო: bm.ge