
დიპლომატიის აკადემიის ბიუჯეტი ₾3 მილიონამდე იქნება - კანონპროექტი
პარლამენტში დიპლომატიის აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება.
საქმე ისაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის შექმნა იგეგმება, რაც კანონპროექტის თანახმად ხელს შეუწყობს დიპლომატიური სამსახურისა და სხვა საჯარო და კერძო სექტორისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას. აკადემიის მიერ სტუდენტების მიღება 2027 წლიდან არის დაგეგმილი.
შესაბამისი ცვლილება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის. როგორც პროექტიდან ირკვევა, დიპლომატიის აკადემიაში დასაქმდება - 46 პირი (მათ შორის, 30 - საშტატო, 16 - შტატგარეშე. როგორც აკადემიური ისე ადმინისტრაციული პერსონალი). წინასწარი გათვლებით, შესაბამისი სახელფასო ფონდი ყოველწლიურად შეადგენს დარიცხულ 1 093 350 ლარს.
ჯამურად, სახელფასო ფონდის, ასევე აკადემიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისთვის, დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი წინასწარი გათვლებით იქნება - 2 993 675 ლარი (მათ შორის, ავტორიზაციისთვის 48 000 ლარი და აკრედიტაციისთვის 40 000 ლარი), ხოლო - 2027, 2028 და 2029 წლებში განისაზღვრება ყოველწლიურად - 2 851 350 ლარით.
"აკადემიაში მოწვეული იქნება მათ შორის, მოქმედი და გამოცდილი დიპლომატები. სტუდენტებს მეტი წვდომა ექნებათ პრაქტიკული დიპლომატიის საკითხებთან. ასევე, სასწავლო პროგრამები მორგებული იქნება დიპლომატიური საქმიანობის პროცესში არსებულ აქტუალურ მოთხოვნებზე და გამოწვევებზე. სამინისტროს, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებს, მიეცემა მეტი შესაძლებლობა აკადემიის კურსდამთავრებულთაგან შეარჩიოს დიპლომატიური საქმიანობის სპეციფიკის მცოდნე პირები და ქვეყნის დიპლომატიური სამსახური უზრუნველყოფილი იქნება სათანადო კადრების უწყვეტი მიწოდებით",- წერია განმარტებით ბარათში.
კიდევ ერთი ცვლილებით, რასაც პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა განისაზღვრება, როგორც უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრს მიენიჭება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი, რისთვისაც ყოველთვიური დანამატის სახით 1 360 ლარს მიიღებს.
"იმის გათვალისწინებით, რომ კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, მიუხედავად პოლიტიკური თანამდებობის პირის სატატუსისა, განეკუთვნება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის კატეგორიას, მიზანშეწონილია მინისტრი, როგორც დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელი, ფლობდეს უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირის სტატუსს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით გამოსწორდა ხარვეზი და 34-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად, შესაძლებელი ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიენიჭოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი",- წერია დოკუმენტში.
ბოჭორიშვილის თქმით, დიპლომატიის აკადემიის დაარსება არამხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი, არამედ ქვეყნის "ინტელექტუალური ფარია"
BM.GE
წყარო: bm.ge