
დიზელის გაძვირების გამო, ფერმერთა ასოციაცია ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირებას ელის
სოფლის მეურნეობაში ძირითადი საწვავი, დიზელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფაქტობრივად ორჯერ გაძვირდა, რაც ადგილობრივი აგროპროდუქციის თვითღირებულებას გაზრდის. ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი განმარტებით, ახლა აქტიური პერიოდია, როდესაც საშემოდგომო კულტურების სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა პირდაპირ აისახება მოსავლის თვითღირებულებაზე.
კოჭლამაზაშვილი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფერმერს სრულ ციკლში გაძვირებული საწვავით მოუწევს აგროღონისძიებების ჩატარება - თავდაპირველად დათესვა, ხოლო შემდგომ იმავე პირობებში მოსავლის აღება - იმპორტირებულ პროდუქციასთან მაღალი კონკურენციისა და მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის ფონზე, შესაძლოა, რეალიზაციის პრობლემაც დადგეს.
„გამოწვევა გლობალურია, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანას სოფლის მეურნეობისა და ფერმერების მხარდამჭერი მექანიზმები ამუშავებული აქვს, შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქტის ფასი მაინც ადგილობრივზე ნაკლები გამოდის. მით უმეტეს, თუ მხედველობაში მივიღებთ საქართველოს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას, რეალიზაციის საკითხი შეიძლება მართლაც დადგეს“, - აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge