
დუა ლიპა Samsung-ს უჩივის - რას ედავება პოპვარსკვლავი ტექ-გიგანტს?
გრემის მფლობელმა ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა დუა ლიპამ ტექნოლოგიურ გიგანტ Samsung-ს სასამართლოში უჩივლა. როგორც ირკვევა, დავის საგანი ტელევიზორების შესაფუთ ყუთებზე შემსრულებლის ფოტოსურათის უნებართვო კომერციული გამოყენება გახდა.
სარჩელი კალიფორნიის ცენტრალურ საოლქო სასამართლოში გასულ პარასკევს შევიდა. მომღერალი კომპანიისგან მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სულ მცირე $15 მილიონს ითხოვს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამართლებრივი დოკუმენტაციის მიხედვით, Samsung-მა საავტორო და სასაქონლო ნიშნების უფლებები დაარღვია. მომღერლის ადვოკატების განმარტებით, სწორედ დუა ლიპას საავტორო საკუთრებაა ის ფოტოსურათი, რომელიც 2024 წელს Austin City Limits-ის ფესტივალზე იქნა გადაღებული და რომელიც Samsung-მა თანხმობის გარეშე გამოიყენა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ კომპანიამ პოპვარსკვლავის იმიჯი საკუთარი პროდუქციის გასაყიდად გამოიყენა. მომღერლის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დუა ლიპა სარეკლამო პარტნიორებს დიდი სიფრთხილით არჩევს და რომ მას Samsung-თან თანამშრომლობის სურვილი არასოდეს გამოუხატავს.
საყურადღებოა, რომ მომღერალმა თავისი გამოსახულების გამოყენების შესახებ პირველად 2025 წლის ივნისში სოციალური ქსელებიდან შეიტყო. მომღერალმა კომპანიას მოთხოვნა ჯერ კიდევ მაშინ გაუგზავნა, თუმცა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეს მიმართვა უგულებელყო. საყურადღებოა, რომ Samsung-ის წარმომადგენლები მიმდინარე დავაზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
ცნობისთვის, დუა ლიპას ისეთ მსხვილ ბრენდებთან აქვს გაფორმებული კონტრაქტები, როგორებიცაა Porsche და Apple.
BM.GE
წყარო: bm.ge