
EBRD აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში წელს 2.8%-იან ზრდას ელის - უახლესი პროგნოზები
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით (EBRD), წელს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ეკონომიკა 2.8%-ით გაიზრდება. ეს პროგნოზი მცირედით, 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია აქამდე არსებულზე. 2027 წლისთვის კი პროგნოზი უცვლელია და 3.9%-ს შეადგენს.
როგორც EBRD-ის უახლეს შეფასებაშია აღნიშნული, რეგიონის ზრდის ასეთ მაჩვენებელს ენერგიის იმპორტის მაღალი ფასები და სომხეთსა და საქართველოში ტურიზმის შენელება განაპირობებს.
"აღმოსავლეთ ევროპა და კავკასია: 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 2.7 პროცენტამდე შენელდა, ხოლო 2026 წელს მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 2.8 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება, რასაც ამძიმებს ენერგორესურსების იმპორტის გაზრდილი ხარჯები და შესუსტებული ტურიზმი სომხეთსა და საქართველოში — სანამ 2027 წლისთვის 3.9 პროცენტამდე მოიმატებდეს. უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 2.2 პროცენტამდე შემცირდა, რაც გამოწვეულია რუსეთის შემოჭრით გამოწვეული წარმოებისა და ლოგისტიკის უწყვეტი შეფერხებებით, ასევე ენერგორესურსების იმპორტის გაზრდილი ხარჯებითა და მზარდი ინფლაციით",- წერია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის წლევანდელი პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით, 6%-მდე გაზარდა და ყველაზე მაღალ ზრდას სწორედ საქართველოში ელის.
2026 წლის დეტალური პროგნოზები ქვეყნების მიხედვით ასეთია:
• სომხეთი - 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდა (პროგნოზი უცვლელია); • აზერბაიჯანი - 2%-იანი ეკონომიკური ზრდა (პროგნოზი უცვლელია); • საქართველო - 6%-იანი ეკონომიკური ზრდა (+0.5 პროცენტული პუნქტი); • მოლდოვა - 2.8%-იანი ეკონომიკური ზრდა (-0.2 პროცენტული პუნქტი); • უკრაინა - 2.2%-იანი ეკონომიკური ზრდა (-0.3 პროცენტული პუნქტი); • თურქეთი - 3.5%-იანი ეკონომიკური ზრდა (-0.5 პროცენტული პუნქტი).
BM.GE
წყარო: bm.ge