
ელექტრობუსები, ჭალის ტყე და 100%-ით ტექნიკური წყლით მომარაგება - რა გეგმები აქვს რუსთავის მერიას ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის?
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ რუსთავის მთავრობა ვალდებულებებს თითქოს ასრულებთ, მაგრამ თავისუფლად მაინც ვერ ამბობენ, რომ რუსთავი მწვანე ქალაქია. ამის შესახებ მან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა. მერმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ არსებული მდგომარეობა წარადგინა და ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებიც რუსთავის წინაშე კვლავ რჩება.
რუსთავის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჭალის ტყის განვითარება და მოსახლეობის ჩართულობაა.
„წელს აქცენტი გავაკეთეთ ჭალის ტყის განვითარებაზე, რაც მომავალში ქალაქის ფილტვები იქნება და აუცილებლად ძალიან დიდ და სწორ გავლენას მოახდენს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ჭალის ტყის პროექტი სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ და შვედეთის მთავრობასთან ერთად, სადაც უკვე პირველი მთავარი ნაბიჯები გადადგმულია, 5000-ზე მეტი ხე დავრგეთ წელს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მთელი ქალაქის ჩართულობით მოხდა და დაახლოებით 6000 ადამიანი იყო გაწევრიანებული იმ აქციებში, რომელსაც ამ ზაფხულს ვატარებდით და ესეც მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეთა ჩართულობა უზრუნველვყოთ", - განაცხადა რუსთავის მერმა.
ლაცაბიძემ ვრცლად ისაუბრა საგზაო ინფრასტრუქტურასა და მწვანე სივრცეების მოწყობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ქალაქისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ ეკოლოგიური სტატუსის შეცვლა რჩება.
„აქტიურად მიდის სამუშაოები და ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გზების მოწყობასთან დაკავშირებით, საგზაო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, წელს აქცენტს გავაკეთებთ ასევე საწარმოო ზონის მიმდებარე გზებთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის კვლევებშიც ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხად იდგა, საწარმოო ზონებში ქარის დროს განსაკუთრებით ძალიან დიდია გაფრქვევა და ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ და ასევე შიდა, საქალაქო, მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობაც ძალიან აქტიურ ფაზაშია", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
გამოსვლის შემდეგ ნაწილში მერმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე, რაც ელექტრობუსების შემოყვანას უკავშირდება.
„გავაგრძელებ, ერთ-ერთი ჩვენი ვალდებულება იყო სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, აქცენტი გავაკეთეთ მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგებაზე, დღეს ევრო 5, ევრო 6 სტანდარტის ავტობუსებია როგორც შიდა მუნიციპალური ასევე საქალაქთაშორისო რუსთავი-თბილისის მიმართულებით და ამ კუთხით ერთი ეტაპი გამოწვევის თითქოს დავძლიეთ, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას, მომავალი არის ელექტრო ავტობუსები და აქაც პრემიერთან და მთავრობასთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. რუსთავის რელიეფი, ქალაქის მდებარეობა გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ამბიციური გეგმაც განვახორციელოთ, რაც თავისთავად ძალიან დიდ და კარგ გავლენას იქონიებს ქალაქის შიდა ტრანსპორტის გამოსწორებასა და ჩვენს ეკოლოგიაზე.“
მდგრადი განვითარების კონტექსტში, ლაცაბიძემ ისაუბრა ხარჯეფექტურობაზე, ტექნიკური წყლით მომარაგებასა და საკუთარი სანერგე მეურნეობის შექმნაზე.
„დღეს გვაქვს უკვე შესაძლებლობა მდგრად განვითარებაზე ვიზრუნოთ ქალაქში და რამდენიმე მიმართულება გვაქვს შერჩეული, ეს არის ქალაქის ტექნიკური წყლით მომარაგება, გაიზარდა მოსავლიანი არეალები, ბოლო პერიოდში ჩვენმა აქტიურმა მუშაობამ, გაზარდა ის მწვანე ზონები რომელიც დღეს საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ხარჯეფექტურობაზე გვაქვს გარკვეული ხედვა და გეგმა, როგორ შეიძლება შევამციროთ დანახარჯები და ისე მოვუაროთ ჩვენ მწვანე სივრცეებს, ტექნიკურ წყალზე გვაქვს ქალაქის ფრაგმენტული ნაწილი რომელიც ტექნიკური მტკვრის წყლით მარაგდება თუმცა ვფიქრობთ რომ სავსებით შესაძლებელია ძალიან მალე რუსთავი იყოს ერთ-ერთი პირველი ქალაქი რომელიც სრულად 100%-ით მომარაგდება ტექნიკური წყლით.
ასევე მეორე მთავარი მიმართულება ჩვენ მუდმივი პროცესი გვექნება ქალაქის გამწვანების და ვფიქრობთ რომ სანერგე მეურნეობის განვითარება ქალაქს დაეხმარება წლების შემდეგ ძალიან დიდ და კარგ შედეგს მისცემს და აქტიურად დავიწყეთ სანერგე მეურნეობაზე მუშაობა. წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი კარგი შედეგი გვაქვს, 6000 ხემცენარე უკვე ჩვენით შევძელით რომ გამოგვეყვანა, ასევე სასათბურე მეურნეობას ვავითარებთ და ქალაქს ექნება თავისი რესურსი, ესეც მდგრადი განვითარებისთვის და ხარჯეფექტურობისთვის ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.“
ნინო ლაცაბიძემ ყურადღება გაამახვილა სკოლებისა და ბაღების გამწვანების ახალ პროექტსა და ქარსაცავი ბარიერების მოწყობაზე.
„იმის მიუხედავად რომ მართლაც უპრეცედენტო პროექტები ხორციელდება დღეს რუსთავში და დაგეგმილი გვაქვს როგორც ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ისევე ახალი პარკების მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბაღებში და სკოლებში ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს ბაღის და სკოლის ტერიტორიაზე არსებული მწვანე სივრცეების ბავშვებისთვის უფრო მეტად გამოყენებას, ვფიქრობთ ესეც მნიშვნელოვანი პროექტი იქნება და ჩვენი მიზანია რომ 2026 წლიდან დავიწყოთ და კარგი მაგალითი ვაჩვენოთ. ხშირად ვამბობთ ხოლმე ჩვენ გუნდში, როდესაც ბავშვი მთელ დღეს ატარებს სკოლაში და ბაღში, იქ სამწუხაროდ 5000-6000 კვადრატული მეტრი აქვს თითო სკოლას და ბაღს არეალის სკოლის გარშემო და არ არის დატვირთული სათანადოდ მწვანე ნარგავებით, ვფიქრობთ რომ ამ მიმართულებით რუსთავში კარგი ნაბიჯები ექნება უახლოეს პერიოდში.
მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად დავიწყეთ პირველი პროექტი და აქვე მადლობა მინდა ვუთხრა მინისტრს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს მუნიციპალიტეტებისთვის, არამედ მათ დაიწყეს ახალი პროექტი, ეს არის ახალი ხელნარგავებით დახმარება და ჩვენ რუსთავის შესასვლელი სულ რამდენიმე დღის უკან გავამწვანეთ, მათ შორის რეკომენდაცია გვქონდა ჰაერის მართვის გეგმაში, რომ ქარსაცავი ბარიერი უნდა მოწყობილიყო და ამის ფინანსური შესაძლებლობა ქალაქს არ ჰქონდა და ძალიან მიხარია, რომ მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა სწორედ ამ მიმართულებითაც დაიწყო მუშაობა“, - განაცხადა რუსთავის მერმა.
შეგახსენებთ, 1-ელ ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქალაქ რუსთავის მერიას შორის რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
BM.GE
წყარო: bm.ge