
ელექტრომობილების გაყიდვების შემცირების ფონზე, Xiaomi-ს მოგება 57%-ით დაეცა
ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Xiaomi-მ მესამე კვარტალის წმინდა მოგების 57%-იანი კლება დააფიქსირა, რითაც ანალიტიკოსების მოლოდინი ვერ გაამართლა. მიზეზი როგორც ელექტრომობილების, ისე სმარტფონების ბიზნესიდან შემოსავლების შემცირება გახდა.
LSEG-ის მონაცემებით, ჰონგ-კონგის ბირჟაზე რეგისტრირებულმა კომპანიამ ივლისი-სექტემბრის პერიოდში 4.9 მილიარდი იუანის (735.65 მილიონი დოლარი) წმინდა მოგება მიიღო, მაშინ როდესაც ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზი 5.2 მილიარდ იუანს შეადგენდა.
კომპანიის აქციებზე ვაჭრობა 3.7%-იანი ვარდნით, 26.5 ჰონგ-კონგურ დოლარზე დაიხურა.
ელექტრომობილების სეგმენტიდან შემოსავალი 20%-ით შემცირდა
Xiaomi-ს ავტომობილების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ახალი ინიციატივების მიმართულებამ კვარტალში 3.4 მილიარდი იუანის საოპერაციო ზარალი აჩვენა. კომპანიის განცხადებით, ავტომობილების მიწოდების კლების გამო, მხოლოდ ელექტრომობილების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 19.9%-ით შემცირდა და 22.7 მილიარდი იუანი შეადგინა.
ამავე პერიოდში, სმარტფონების წარმოებაში მსოფლიოს ნომერ მესამე კომპანიის (Samsung-ისა და Apple-ის შემდეგ) შემოსავალმა 107.2 მილიარდი იუანი (16 მილიარდი დოლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით ნაკლებია.
მეხსიერების ჩიპების მუდმივად მაღალი ფასის გამო, სმარტფონების საერთო მოგების მარჟა წინა წლის 11.1%-დან 9.2%-მდე დაეცა.
თუმცა, Xiaomi-ს ცნობით, სმარტფონების გაყიდვის საშუალო ფასი წინა კვარტალთან შედარებით 10%-ით გაიზარდა.
კვლევითი კომპანია Counterpoint-ის მონაცემებით, მესამე კვარტალში Xiaomi-მ მიწოდების "მნიშვნელოვანი კლება" - 30%-ზე მეტი განიცადა, რის გამოც მისი საბაზრო წილი 12%-მდე შემცირდა.
სექტემბერში Xiaomi-მ ახალი ფლაგმანური დასაკეცი სმარტფონი წარადგინა, რითაც შეეცადა უფრო პირდაპირი კონკურენცია გაეწია თავისი უმსხვილესი კონკურენტისთვის - Apple-ისთვის, რომელმაც ასევე გამოუშვა თავისი პირველი დასაკეცი მოწყობილობა.
BM.GE
წყარო: bm.ge