
ელექტროსისტემას ფინანსურად მძიმე მდგომარეობა აქვს, ამიტომ ჩაერთნენ დეველოპერები - მირცხულავა ქვესადგურის მშენებლობაზე
კომპანია “ბემონის” მმართველი დირექტორი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი აცხადებს, რომ ელექტროსისტემას ფინანსურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვს, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ურბნისის ქვესადგურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართვა.
საქმე ისაა, რომ ქვესადგურის პროექტს, რომელიც სახელმწიფო კომპანიას უნდა განეხორციელებინა, კერძო სექტორიც დააფინანსებს. ვანო ზარდიაშვილმა და ექვსი კერძო ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც ქვესადგური „ურბნისის“ ერთობლივ პროექტირებასა და მშენებლობას ითვალისწინებს.
ირაკლი კობახიძე კი აღნიშნულ საკითხზე აცხადებს, რომ მთავრობას "ყველაფრისთვის საკმარისი რესურსი აქვს".
როგორც მირცხულავა BMG-სთან განმარტავს, ელექტროსისტემას ამჟამად ბევრი პრობლემური პროექტი აქვს, ერთდროულად მათ განხორციელებას კი სახელმწიფო საწარმოს არსებული ფინანსური რესურსი არ ჰყოფნის.
მირცხულავა ამბობს, რომ საბოლოოდ, ორივე მხარე კმაყოფილი იქნება, რადგან ელექტროსისტემა თანხას დაზოგავს, ბიზნესი კი მალე მიიღებს საჭირო ინფრასტრუქტურას.
"ეს პროექტი არის წარმატებული კოლაბორაცია დეველოპერებსა და სახელმწიფო ელექტროსისტემას შორის. წესით და რიგით, ეს პროექტი თავიდან ბოლომდე უნდა აეშენებინა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, ასე იყო შეთანხმება. მაგრამ იმის გამო, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემას ფინანსურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვს, დეველოპერებმა და ელექტროსისტემამ მიაღწიეს შეთანხმებას. დეველოპერებს სჭირდებათ ეგ ქვესადგური, რომ თავისი ელექტროენერგია გაიტანონ. ელექტროსისტემაში პრობლემური პროექტები ბევრია და ის ბიუჯეტი და თანხები არ ყოფნის. ინვესტორები, ამ შემთხვევაში ის დეველოპერი კომპანიები, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად აშენდეს ეს ქვესადგური, შეისყიდიან შეთანხმებულ დანადგარებს და სახელმწიფო ელექტროსისტემა გააკეთებს ინსტალაციას. სარგებელი ის არის, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემა დაზოგავს თანხებს. რა თქმა უნდა, დეველოპერებს ოდნავ გაუძვირდათ თავიანთი ინვესტიციები, მაგრამ ისინი მიიღებენ იმას, რომ ეს პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდება.
რა თქმა უნდა, მე, როგორც ბიზნესის წარმომადგენელი უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იმდენად ძლიერი, შემოსავლიანი კომპანია იყოს 7, 8, 10 მსგავს პროექტს აკეთებდეს, მაგრამ რეალობას ხომ უნდა შევხედოთ", - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.
“ბემონის” მმართველი დირექტორი აღნიშნავს იმასაც, რომ შეზღუდული ფინანსური რესურსი მათ შორის იმ გარემოებას უკავშირდება, რომ ელექტროსისტემას უახლოეს ხანებში საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე არსებული სესხების გადახდა უწევს.
“ჩვენ პირველად ერთი წლის წინ შევიკრიბეთ, სადაც მოხდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, ვალდებულებების და შემოსავლების ჩვენება, დაჯამება, გაწერილი რამდენიმე წლის განმავლობაში. იცით, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო ელექტროსისტემა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სესხებს იღებდა, რითაც სხვადასხვა ობიექტების გაშვება უნდა მომხდარიყო. ამ სესხებს გადახდის ვადა უკვე უწევს. შესაბამისად, ფინანსური შესაძლებლობა იმის, რომ საკუთარი სახსრებით ერთდროულად რამდენიმე პროექტი განავითაროს, სისტემას ამ ეტაპზე [არ აქვს]. ეს პროექტი შეიძლება განვითარდეს და გეგმაში ჩაიდოს 3-5 წელიწადში. თქვენ [ინვესტორებს] გინდათ რომ სწრაფად გაკეთდეს, იქ ხომ პრიორიტეტები არის განსაზღვრული. ზოგიერთ პროექტზე ვალდებულებაა, რომ უფრო სწრაფად უნდა დაიწყოს, ამიტომ აქ ხდება დაჯამება, რისი შესაძლებლობა აქვს [ელექტროსისტემას]. ამიტომაც ვამბობ, გამიხარდებოდა რომ სისტემას ისეთი შესაძლებლობა ჰქონდეს, 10-15 მსგავს სადგურს აშენებდეს, უკეთებდეს რეაბილიტაციას ხაზებს”, - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.
BM.GE
წყარო: bm.ge