
ენდრიუ ჯუელი სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე: "არ ვიტყოდი, რომ კომპრომისზე წავედით"
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ენდრიუ ჯუელი, სახელმწიფო საწარმოების (SOE) მფლობელობისა და კორპორაციული მართვის გაძლიერებას ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს.
კითხვა - წავიდა თუ არა საერთაშორისო სავალუტო ფონდი კომპრომისზე საქართველოს მთავრობასთან და დათმო თუ არა წლების მანძილზე მკაფიოდ გამოხატული აქცენტი სახელმწიფო საწარმოების დუალური მფლობელობის მთავარ გამოწვევაზე – ინტერესთა კონფლიქტზე – ენდრიუ ჯუელს მას შემდეგ დავუსვით, რაც ამ რამდენიმე დღის წინ, ფინანსთა მინისტრმა გიორგი კაკაურიძემ BMG-ის უთხრა, რომ „საწარმოების ფლობის ნაწილზე [სავალუტო ფონდს] შენიშვნები არ აქვს“.
საქმე ისაა, რომ გიორგი კაკაურიძის თქმით, საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ ფონდის მისიასთან და შეთანხმდნენ, რომ ფინანსური ზედამხედველობა არის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც ყველანაირ ფისკალურ რისკს აზღვევს. „შესაბამისად, უკვე ფლობა ვისი [რომელი სამინისტროსი] იქნება აქციონერის ფუნქციით, მეტწილად ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვაგრძელებთ სამ საწარმოში იგივე პრაქტიკით, სხვა საწარმოებში კი იქნება ის, რაც არის დღეს 100%-იანი ფლობის ნაწილი, ვისაც აქვს აქციონერის ფუნქცია. საბოლოოდ თუ შევჯერდებით და ვნახავთ, რომელი ვარიანტი უფრო უკეთესია უშუალოდ საწარმოსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის, ის მოდელი იქნება საბოლოო ჯამში“ – გვითხრა გიორგი კაკაურიძემ.
2025 წლის ტექნიკური მხარდაჭერის ანგარიშში კი – „სახელმწიფო საწარმოების რეფორმა: პროგრესი, გამოწვევები და შემდეგი ნაბიჯები“ – ცალკეა გამოყოფილი ის რეკომენდაციები, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო საწარმოების მფლობელობის და კორპორაციული მართვის გაუმჯობესებას ეხება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდს შემდეგი რეკომენდაციები აქვს:
• გადაიხედოს სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონის პროექტი მფლობელობის პრინციპების განსამტკიცებლად, დაინტერესებულ მხარეებს შორის პასუხისმგებლობების მკაფიოდ გასამიჯნად, გამჭვირვალობის წესებისა და მფლობელობის ფუნქციის განსასაზღვრად. • განახლდეს სახელმწიფო საწარმოების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რათა მკაფიოდ ჩამოყალიბდეს სახელმწიფო მფლობელობის მიზნები, ინსტიტუციური როლები და რეფორმის პრიორიტეტების თანმიმდევრობა. • შემუშავდეს და დაინერგოს რეგულაციები, რომლებიც მოაწესრიგებს სახელმწიფო საწარმოების საბჭოებისა და აღმასრულებელი მენეჯმენტის წევრთა შერჩევას, დანიშვნას, გათავისუფლებას, ანაზღაურებასა და საქმიანობის ეფექტიანობის მართვას. • უმსხვილეს სახელმწიფო საწარმოებზე გავრცელდეს კორპორაციული მართვის კოდექსი ეტაპობრივი მიდგომით: 2026–2029 წლებში პრინციპით „შეასრულე ან განმარტე“ (apply or explain), ხოლო 2030 წლისთვის — სავალდებულო შესაბამისობით. • განხორციელდეს ყოველწლიური მუშაობა კორპორაციული განზრახვის შესახებ განცხადებებზე (SCI) სახელმწიფო საწარმოებისა და მათი საბჭოებისთვის შეზღუდული რაოდენობის მიზნობრივი მაჩვენებლების დასადგენად; დაინერგოს სახელმწიფო საწარმოების საბჭოების საქმიანობის ყოველწლიური შეფასება და მათი რეგულარული მონიტორინგი. • ჩატარდეს მსხვილი სახელმწიფო საწარმოების პორტფელის სრული ანალიზი არაპროფილური საქმიანობების გამოსავლენად, მათი შემდგომი ოპტიმიზაციის, შეწყვეტის ან სხვა უწყებებისთვის/კომპანიებისთვის გადაცემის მიზნით.