
ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ STEM ბანაკს აფინანსებს
აჭარისწყალი ჯორჯიას მხარდაჭერით, შუახევის მუნიციპალიტეტის ოცმა მოსწავლემ STEM ბანაკში მიიღო მონაწილეობა.
ბანაკის ფარგლებში მონაწილეებმა ინოვაციური მეწარმეობის, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მიკროელექტრონიკის საფუძვლები შეისწავლეს. მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს, პრაქტიკული უნარები განივითარეს და საკუთარი იდეები ჭკვიან მოწყობილობებად აქციეს.
ახალგაზრდებისთვის ასეთი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა და მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო უნარების განვითარება ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს: ხარისხიანი განათლება და ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა.
შუახევი ჰესის ხელმძღვანელის, აბიჯიტ ბაგატის განცხადებით, ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერა ქვეყნის განვითარებაში ინვესტირებაა.
„ახალგაზრდების განათლებაში ინვესტირება ქვეყნის მომავალში ინვესტირებაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მათ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში დავეხმაროთ, რათა მზად იყვნენ მომავალი პროფესიული გამოწვევებისთვის და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში“, — განაცხადა აბიჯიტ ბაგატმა.
BM.GE
წყარო: bm.ge