
ესპანეთმა ლიცენზიის არქონის გამო საპროგნოზო ფსონების პლატფორმები დაბლოკა
ესპანეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტრომ საპროგნოზო ბაზრების პლატფორმების, Polymarket-ისა და Kalshi-ის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო და ინტერნეტპროვაიდერებს მათზე წვდომის შეზღუდვა დაავალა.
ესპანეთის სათამაშო ბიზნესის მარეგულირებლის (DGOJ) მიერ ქვეყნის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებულ შეტყობინებებში აღნიშნულია, რომ ეს კომპანიები მომხმარებლებს გაურკვეველ მოვლენებთან დაკავშირებული საპროგნოზო ფსონების განთავსებას ესპანეთის კანონმდებლობით მოთხოვნილი ლიცენზიების გარეშე სთავაზობდნენ.
ხელისუფლების განცხადებით, პრევენციული ბლოკირების ზომები ძალაში საქმის წარმოების დასრულებამდე დარჩება. მოსალოდნელია, რომ პროცესი სამიდან ოთხ თვემდე გაგრძელდება.
Kalshi და Polymarket ამჟამად საპროგნოზო ბაზრების სავაჭრო აქტივობაში დომინირებენ. DeFiLlama-ს მონაცემებით, ბოლო 30 დღის განმავლობაში Kalshi-მ დაახლოებით 5.9 მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობა დააფიქსირა, ხოლო Polymarket-მა - 3.8 მილიარდი დოლარი.
ჯამში, ამ პერიოდში სექტორის წამყვან ბაზრებზე დაფიქსირებული 11 მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობიდან ამ ორ პლატფორმაზე თითქმის 88% მოდის.
ამ ნაბიჯით ესპანეთი იმ იურისდიქციების მზარდ რაოდენობას შეუერთდა, რომლებიც საპროგნოზო ბაზრებს ზღუდავენ. პარალელურად, მარეგულირებლები დავობენ, უნდა დაექვემდებაროს თუ არა ეს პროდუქტები სათამაშო ბიზნესის და ფინანსური ბაზრების წესებს.
ონლაინ აზარტული თამაშების შეზღუდვების ფარგლებში, Polymarket-ი ამ კვირის დასაწყისში ინდონეზიამ და ინდოეთმა დაბლოკეს. პლატფორმა ასევე შეზღუდეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ტაივანი, ტაილანდი, ჩინეთი და იაპონია, უკრაინამ კი ის ისე დაბლოკა, რომ მისი ლეგალურად დაბრუნების გზა აღარ დატოვა.
Polymarket-ისთვის დაბლოკილი ქვეყნების სიაში ასევე შედიან: ბელგია, ავსტრალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. პლატფორმა ახლა აშშ-ში ოპერირებას აახლებს.
Kalshi-მ აშშ-ში განსხვავებული მარეგულირებელი გზა აირჩია, სადაც ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის (CFTC) ზედამხედველობის ქვეშ ოპერირებს, თუმცა მაინც კრიტიკის სამიზნედ რჩება.
ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, ულიცენზიო ოპერატორებს შესაძლოა, ისეთი დამცავი მექანიზმები არ ჰქონდეთ, როგორებიცაა პირადობის დადასტურება, არასრულწლოვანთა დაცვა და მოთამაშეებისთვის თვითშეზღუდვის (ე.წ. თვითგარიცხვის) სისტემები.
BM.GE
წყარო: bm.ge