მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს, რომლებიც ხელისუფლების ინტენსიური წნეხის მიუხედავად, პროფესიის ერთგული რჩება
ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს, რომლებიც ხელისუფლების ინტენსიური წნეხის მიუხედავად, პროფესიის ერთგული რჩება

ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს, რომლებიც ხელისუფლების ინტენსიური წნეხის მიუხედავად, პროფესიის ერთგული რჩება

BM.GE3 მაისი, 2026, 10:12|bm.ge

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს, ვინც იბრძვის პროფესიისთვის, ღირსებისთვის და ევროპული საქართველოსთვის. ქარტიის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით ვითარება საგანგაშოა.

"3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს საქართველოში, ვინც ხელისუფლების მხრიდან უწყვეტი და ინტენსიური წნეხის მიუხედავად, თავისი პროფესიის ერთგული რჩება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებას ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციასა და მოსაზრებებზე წვდომა შეუნარჩუნოს. მედიის უფლებადამცველი და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე მომუშავე, საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები ერთხმად მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რაც დღეს საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ემუქრება.

ვითარება საქართველოში ყველა საკვანძო ინდიკატორის მიხედვით უკიდურესად საგანგაშოა და მსოფლიოს ყველაზე არადემოკრატიული რეჟიმების მონაცემებს ედრება. ჟურნალისტობა დღეს საქართველოში სახიფათო პროფესიაა. მედიასა და ჟურნალისტებზე ზეწოლის ინსტრუმენტები ბოლო სამი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ გამრავალფეროვნდა და ყველა ის სტრატეგია და ტაქტიკა მოიცვა, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მედიის მიმართ განსაკუთრებულად მტრულად განწყობილი რეჟიმები იყენებენ.ხელისუფლებამ ჟურნალისტების წინააღმდეგ აწარმოა სიძულვილის ენით გაჯერებული დეზინფორმაციული კამპანია.

სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ წახალისებულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს და მათი ოჯახის წევრებს, დაუზიანეს კერძო საკუთრება და ოფისები. ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან დღემდე ისმის უსამართლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები ჟურნალისტების მიმართ. ძალოვანმა სტრუქტურებმა მწვანე შუქი აუნთეს ფიზიკურ ძალადობას - პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტებს თავს ესხმიან ამ სტრუქტურების წარმომადგენლები და, სავარაუდოდ, მათთან კოორდინაციაში მყოფი პირები. განსაკუთრებული აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები ხდებიან მაშინ, როცა საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების უფლებების დარღვევას ადოკუმენტირებენ.

რიგ შემთხვევებში თავდამსხმელებმა ისეთი სისასტიკე გამოიჩინეს, რომ ჟურნალისტებს უბრალოდ გაუმართლათ, რომ ცოცხლები გადარჩნენ. ათეულობით ჟურნალისტმა მიიღო ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება, ნაწილი თავს ცუდად გრძნობდა თვეების შემდეგაც კი. პროევროპული გამოსვლების დროს ქიმიური ნივთიერებებით მოწამლულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. ყველასთვის აშკარაა, რომ საქართველოში ჟურნალისტებს დევნიან მათი პროფესიის გამო. ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ცალკეული იშვიათი გამონაკლისის გარდა, გამოძიებული არ არის. დაუსჯელობის სინდრომი ძალადობრივ ჯგუფებს ახალ-ახალი დანაშაულების ჩადენისკენ უბიძგებს.

დღემდე საპატიმროშია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი. მისთვის წარდგენილი ბრალი უსამართლო და დაუსაბუთებელია, მაღალი თანამდებობის პირები კი სიცრუის გავრცელებით ცდილობენ ჟურნალისტის დისკრედიტაციას. რეჟიმი მზია ამაღლობელს სამაგალითოდ უსწორდება, რათა გაკვეთილი მისცეს ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაბედავს. საკანონმდებლო ცვლილებებმა უკიდურესად შეზღუდა საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამ ცვლილებების ნაწილი მედიას უშუალოდ ეხება. ჟურნალისტები თავისუფლად ვეღარ მუშაობენ ველზე. მათ აპატიმრებენ და აჯარიმებენ ხან „ხელოვნურად გზის გადაკეტვის“ და ხან ტროტუარზე დგომით გამვლელებისთვის დაბრკოლების შექმნის გამო.

ამგვარი ქმედების განმეორების შემთხვევაში ჟურნალისტებს სისხლის სამართლის წესით დევნა და ერთ წლამდე პატიმრობა ელით. მართალია, ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრული საქმეების ნაწილი საბოლოოდ შეწყდა, მათ გამო ჟურნალისტებს მაინც დიდი ემოციური ზიანი მიადგა. ჟურნალისტებმა დაკარგეს დრო სასამართლო დარბაზებში საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და მათ მუშაობაში ხელი შეეშალათ. “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონების შედეგად, მედიას აღარ აქვს წვდომა დასავლურ ფინანსებზე, რაც მათ დამოუკიდებლობის შენარჩუნების საშუალებას აძლევდა.

დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მაუწყებლებს მაღალი ფინანსური სანქციები და ლიცენზიის/ავტორიზაციის დაკარგვა ელით. საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი ჟურნალისტების სტიგმატიზაციას ემსახურება. ხელისუფლება ძირითადი უფლებების შესაზღუდად დადგენილ დრაკონულ ჯარიმებსა და არაადეკვატურ სასჯელს იყენებს მათი პოტენციურად მსუსხავი ეფექტის გამო. საქმე იქამდეც მივიდა, რომ არაერთი ჟურნალისტი ფეისბუქ პოსტების გამო დაჯარიმდა. რეპრესიული კანონებით გამოწვეული კრიზისის ფონზე დაიხურა რამდენიმე რეგიონული მედიასაშუალება. კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია, რომელიც არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი, ძლიერი პარტიული კავშირებით და მაღალი ლოიალობით მმართველი გუნდის მიმართ, მთავარ ცენზორად ჩამოყალიბდა.

მან მიიღო მანდატი შინაარსობრივ საკითხებში არბიტრის როლის შესასრულებლად და ახლა ის ამოწმებს, რამდენად იცავენ მაუწყებლები სიზუსტისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. კომისიის ორმაგი სტანდარტები და სიმკაცრე კრიტიკული მედიის მიმართ კანონმდებელთა ჩანაფიქრის მიმართ კითხვებს არ ტოვებს. ეს ყოველივე კი ასუსტებს მედიის თვითრეგულირებას, რომელიც საუკეთესო ინსტრუმენტია თვითრეფლექსიისთვის და სექტორის გასაჯანსაღებლად. საზოგადობრივი მაუწყებელი, რომელსაც მოქალაქეები მილიონობით ლარით საკუთარი შემოსავლებიდან აფინანსებენ, სხვა ინსტიტუციათა მსგავსად, მიტაცებულია. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან განდევნეს კრიტიკულად განწყობილი არაერთი მედია პროფესიონალი.

ჟურნალისტებს არ აქვთ წვდომა საჯარო ინფორმაციაზე და საჯარო სივრცეებზე, ხშირად კი მათ სხვადასხვა საბაბით არ უშვებენ პარლამენტში, სასამართლოებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. „ქართული ოცნება“ რეპრესიებს მიმართავს იმ უცხოელი ჟურნალისტების მიმართაც, ვინც ქართველი ჟურნალისტების მხარდამხარ მუშაობს, რათა აღწეროს საქართველოში მიმდინარე პროცესები, მსოფლიოს დაანახვოს ის სირთულეები, რასაც საქართველოს მოქალაქეები აწყდებიან ევროპული არჩევანის დასაცავად ბრძოლისას. საქართველოში უცხოელ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. მათი ნაწილი ქვეყნის დატოვების შემდეგ უკან აღარ შემოუშვეს, ხოლო ზოგიერთს ბინადრობის ნებართვა გაუუქმეს. რეპრესიების და ურესურსობის მიუხედავად, ქართული ჟურნალისტიკა ცოცხალია, დინამიკური, ვითარდება და ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობს.

ჟურნალისტებს სრულად აქვთ გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რასაც მათ ეს კონკრეტული ისტორიული მომენტი აკისრებს. სამაგალითოა მათი პროფესიული გამბედაობა და პიროვნული სიმამაცე იმ დროს და იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია, სასამართლოს ჩათვლით, მიტაცებულია, როცა ვერავინ აძლევს მათ უსაფრთხოების გარანტიებს. შეუძლებელია, ეს თავგანწირული მცდელობა უკვალოდ დაიკარგოს.

გვწამს, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც ჟურნალისტების მიერ „ქართული ოცნების“ ხელში მიღებული საშინელი გამოცდილება ისტორიის ნაწილი გახდება და იქცევა გაფრთხილებად მომავალი თაობებისათვის. მანამდე კი, ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულის გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას, და სამართლიან, ღირსეულ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ჟურნალისტებისთვის", - წერია განცხადებაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია საქართველოში ავტორიტარიზმისა და რეპრესიული კანონების პირობებში მუშაობს|საიას განცხადება

მედია საქართველოში ავტორიტარიზმისა და რეპრესიული კანონების პირობებში მუშაობს|საიას განცხადება

BM.GE

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნა - Reuters

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნა - Reuters

BM.GE

"ქართული ჯარას თაფლი Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთში პირველად შევიდა" - "ტფელის" საექსპორტო გეგმები

"ქართული ჯარას თაფლი Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთში პირველად შევიდა" - "ტფელის" საექსპორტო გეგმები

BM.GE

ირაკლი კობახიძე სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება - ადმინისტრაცია

ირაკლი კობახიძე სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება - ადმინისტრაცია

BM.GE