
ე.წ. ბერძნული მოდელი ზრდის გამჭვირვალობას, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს ფასებზე“ - რითეილ ექსპერტი ფასების კომისიის რეკომენდაციებზე
პროდუქტების ფასების ხელოვნური კონტროლი პრობლემის რეალური გადაწყვეტა ვერ იქნება. მთავარი გამოწვევა კონკურენტული გარემოს შექმნა, გამჭვირვალობის ზრდა და ისეთი მოდელების განვითარებაა, რომლებიც ბაზარს დაბალი ფასების დაწესებას აიძულებს - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში რითეილ ექსპერტმა მირანდა მანჯგალაძემ ისაუბრა.
მისი შეფასებით, ამის მისაღწევად ყველაზე სწორი რეკომენდაცია ე.წ. „ბერძნული მოდელის“ გადმოტანაა.
„დასკვნამ, ფაქტობრივად, უგულებელყო ის გზავნილები, რომლებიც პირველივე დღეებში ისმოდა. მაგალითად, საუბარი ჭარბი მოგებიანობის შესახებ.
მეორე ნაწილი ეხება რეკომენდაციებს. იდეას, რომ უნდა შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც კონკრეტული პროდუქტები მუდმივად ფასდაკლებაში იქნება. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო „ბერძნული მოდელი“, რომელიც რეკომენდაციების ნაწილში იყო ნახსენები. ის ეფუძნება მაღალ კონკურენციასა და გამჭვირვალობას. ეს არის სპეციალური ინტერნეტპლატფორმა, სადაც მომხმარებელს 51 კატეგორიაში შეუძლია სხვადასხვა ქსელში ფასების შედარება. მაგალითად, მომხმარებელი საძიებო ველში წერს „რძეს“ და სისტემა აჩვენებს, კონკრეტულ ქსელში რა ღირს ეს პროდუქტი. შედეგად, მომხმარებელი იღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებას და ირჩევს იმ ქსელს, სადაც მისთვის სასურველი პროდუქტი ყველაზე იაფია.
ამ მოდელს დირექტიული ხასიათი არ აქვს, სახელმწიფო კომპანიებს არ ეუბნება, რომ მარჟა უნდა შეამცირონ ან კონკრეტულ ფასად გაყიდონ პროდუქცია. პირიქით, სისტემა ზრდის გამჭვირვალობას და კონკურენციას, რაც საბოლოოდ თავად ახდენს გავლენას ფასებზე.
ვფიქრობ, ასეთი მოდელის ქართულ რეალობაში გადმოტანა ცუდი იდეა არ არის. თუმცა ამისთვის საჭიროა ძლიერი ციფრული პლატფორმა, მაღალი გამჭვირვალობა, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი მონიტორინგი და 51 კატეგორიაში ფასების ყოველკვირეული განახლება. დღევანდელი საცალო ინფრასტრუქტურის პირობებში კი ეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იქნება.“ - განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.