
EU-მ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნისთვის მზადება დაიწყო
კვიპროსმა, რომელიც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში პირველი კლასტერის ოფიციალური გახსნისთვის მზადება დაიწყო - ამის შესახებ კვიპროსის თავმჯდომარეობა X-ზე წერს. ცნობისთვის, ამჟამად კვიპროსი 6-თვიანი როტაციით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა 1-ელ ივლისამდე.
"დღეს კვიპროსის თავმჯდომარეობამ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებებში პირველი კლასტერის ოფიციალური გახსნისთვის მზადება დაიწყო.
ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი მათი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რაც ევროკავშირის ერთიანობისა და მტკიცე ნების ძლიერ გზავნილს ატარებს.
მომდევნო დღეებში ჩვენ თავდაუზოგავად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა კლასტერის ოფიციალურად გასახსნელად ევროპულ საბჭოში დისკუსიები საბოლოოდ დასრულდეს.
კვიპროსის თავმჯდომარეობა, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით, ასრულებს გაფართოების პროცესთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რაც სტრატეგიულ პრიორიტეტს და ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ტრანსფორმაციულ პოლიტიკას წარმოადგენს", - წერს კვიპროსის თავმჯდომარეობა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა და კიევმა შეთანხმებას მიაღწიეს უკრაინაში მცხოვრები დაახლოებით 100-ათასიანი უნგრული უმცირესობის უფლებების გაფართოებაზე. მისი თქმით, შეთანხმება მოიცავს ენობრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური უფლებების გაძლიერებას. შედეგად, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ვეტოს მოხსნას აპირებს.
ცნობისთვის, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები 2022 წლის ივნისში გახდნენ. 2025 წლის იანვარში ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა დაწყებულიყო მოლაპარაკებები ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, თუმცა ეს ნაბიჯი უნგრეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა.
BM.GE
წყარო: bm.ge