
EU-ს 5 ქვეყანა მომავალი წევრებისთვის უფრო მკაცრ დამცავ მექანიზმებს ითხოვს, რათა ორბანის შემთხვევა არ განმეორდეს
ევროკავშირი უნდა აღიჭურვოს დამატებითი ინსტრუმენტებით, რათა უფრო სწრაფად მოახდინოს რეაგირება ახალ წევრ სახელმწიფოებზე, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს არღვევენ - ამის შესახებ ევროკავშირის წევრი 5 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.
გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ერთობლივი წინადადება, რომელსაც Euronews-ი გაეცნო, რეკომენდაციას იძლევა, რომ ბლოკის მომავალი წევრების გაწევრიანების ხელშეკრულებები სხვადასხვა დამცავი მექანიზმებით გაძლიერდეს. ეს ევროკავშირს საშუალებას მისცემს, აღკვეთოს სამართლებრივი დარღვევები და დააწესოს სწრაფი ჯარიმები, მაგალითად, ფონდებზე წვდომისა და ხმის უფლების შეჩერება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახალ წევრებს განუსაზღვრელი ვადით უნდა შეეზღუდოთ ვეტოს უფლებაც, რათა თავიდან იქნას აცილებული მაღალი პრიორიტეტის მქონე გადაწყვეტილებების მოულოდნელი დაბლოკვა. საგარეო პოლიტიკა ერთ-ერთია იმ სფეროებიდან, სადაც ევროკავშირი მუდმივად ერთსულოვნებას ითხოვს.
ეს ინიციატივა დიდწილად ევროკავშირის მიერ ვიქტორ ორბანთან დაკავშირებული მძიმე გამოცდილების პასუხია. უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც 16-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ აპრილში დატოვა პოსტი, თავისი განუწყვეტელი ვეტოებით კოლეგებს მუდმივად უპირისპირდებოდა.
მისი რეფორმები არაერთი სასამართლო დავისა და ევროკავშირის მილიარდობით ევროს ფონდის გაყინვის მიზეზი გახდა. მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე მისმა ვეტომ უნგრეთის მიმართ არალოიალურობისა და შანტაჟის მწვავე ბრალდებები გამოიწვია.
დოკუმენტი სრულიად ახალ დამცავ მექანიზმს გვთავაზობს, რომელიც გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპს ეფუძნება - იგივე პრინციპს, რომლის დარღვევაშიც ორბანი 90-მილიარდიან პაკეტზე ლიდერების მიერ მიღწეულ შეთანხმებაზე უარის თქმის გამო დაადანაშაულეს.
