
ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო ტარიფების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ორ რეგულაციაზე, რომლებიც მიზნად ისახავს 2025 წლის 21 აგვისტოს გაფორმებული აშშ-ევროკავშირის ერთობლივი განცხადების სატარიფო ნაწილის იმპლემენტაციას. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორმხრივი ვალდებულებების შესასრულებლად, რაც მიზნად ისახავს სტაბილური და პროგნოზირებადი ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას. ამასთანავე, დოკუმენტი ითვალისწინებს მყარ გარანტიებს ევროკავშირის ეკონომიკური ინტერესების დასაცავად.
„ევროკავშირსა და აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი და ინტეგრირებული ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ. სტაბილური, პროგნოზირებადი და დაბალანსებული პარტნიორობის შენარჩუნება ორივე მხარის ინტერესებშია... ჩვენ უზრუნველვყავით მყარი დამცავი მექანიზმები ევროპული ინტერესების, ბიზნესებისა და დასაქმებულების დასაცავად“, - განაცხადა კვიპროსის რესპუბლიკის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, მიხაელ დამიანოსმა.
შეთანხმება ორ ძირითად რეგულაციას ეფუძნება:
• პირველი (მთავარი) რეგულაცია: აუქმებს დარჩენილ საბაჟო გადასახადებს ამერიკულ სამრეწველო საქონელზე და ანიჭებს პრეფერენციულ ხელმისაწვდომობას ბაზარზე ტარიფების შემცირებისა და კვოტების მეშვეობით გარკვეულ ამერიკულ ზღვის პროდუქტებსა და არასენსიტიურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. • მეორე რეგულაცია: ფოკუსირებულია ომარზე (ლობსტერი) და მისგან დამუშავებულ პროდუქტებზე იმპორტის გადასახადის შეჩერების გახანგრძლივებაზე.
ევროპული ინტერესებისა და ადგილობრივი მწარმოებლების დასაცავად, კანონმდებლები შეთანხმდნენ შეზღუდვების დაწესების მექანიზმებზე:
• მყარი დამცავი მექანიზმი: თუ ამერიკული იმპორტის მკვეთრი ზრდა საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მწარმოებლებს, ევროკავშირის სამი ან მეტი წევრი ქვეყნის, პროფკავშირების ან თავად ევროკომისიის ინიციატივით დაიწყება მოკვლევა. მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, რეგულაციის მოქმედება შესაძლოა ნაწილობრივ ან სრულად შეჩერდეს. • გამკაცრებული პირობები შეჩერებისთვის: ევროკომისიას უფლება ეძლევა შეაჩეროს რეგულაცია, თუ აშშ არ შეასრულებს ერთობლივი განცხადების პირობებს ან დისკრიმინაციულად იმოქმედებს ევროპული ოპერატორების წინააღმდეგ. • ფოლადისა და ალუმინის საკითხი: ევროკომისიას ენიჭება უფლებამოსილება, შეაჩეროს შეღავათები აშშ-სთვის, თუ 2026 წლის 31 დეკემბრისთვის ამერიკა კვლავ შეინარჩუნებს 15%-ზე მაღალ ტარიფს ევროკავშირიდან იმპორტირებულ ფოლადისა და ალუმინის წარმოებულ პროდუქტებზე.