
„ევროზონასთან შეერთებაზე საუბარი ნაადრევია“ - ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავა განცხადებით, ევროზონასთან შეერთებაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, რადგან ეს საკითხი თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც ხანგრძლივი და კომპლექსური განხილვის საგანს წარმოადგენს.
ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მას კითხვა „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ილია ინჯია დაუსვა. ინჯია დაინტერესდა, როგორ შეიძლება იმოქმედოს ევროზონასთან ინტეგრაციამ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე.
თურნავას თქმით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის მთავარი პრიორიტეტი ეროვნული ვალუტის, ლარის მიმართ ნდობის გაძლიერებაა.
მისივე თქმით, საქართველოში ამჟამად ლარის მიმართ ნდობა გამყარებულია და ქვეყანა დედოლარიზაციის პოლიტიკას აგრძელებს.
"ევროზონას თუ შევუერთდებით, ჩვენთვის ნაადრევია მე ვფიქრობ ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ ეს დიდი დისკუსიის საგანია ზოგადად, თვითონ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც. იქაც ეტაპობრივად ხდება ეს პროცესი და ბევრი პლიუსი და მინუსი ახლავს.
დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის, ლარის მიმართ ნდობა გამყარებულია. ჩვენ პირიქით, ეგრეთ წოდებული დედოლარიზაციის გზით მივდივართ, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი მსესხებელი ვალდებულებებს ფლობდეს, გააჩნდეს ვალდებულებები იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი. ძირითადად ლარი არის შემოსავალი და ლარში უნდა ჰქონდეთ ვალდებულებები და ეს უფრო მეტად დაცულს ხდის ჩვენს სისტემას და ვხედავთ კიდევაც, რომ ნდობა ლარის მიმართ, ლარის საფინანსო ინსტრუმენტების, ლარში ინვესტირების მიმართ არის საკმაოდ გაზრდილი", - განაცხადა ნათია თურნავამ.