
ფარცხალაძე ძებნაში კი არა, იმ ქვეყანაში იმყოფება, რომლის მოქალაქეცაა - ადვოკატი
ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, რომელსაც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად, თავს დამნაშავედ არ ცნობს. აღნიშნულის შესახებ სასამართლო პროცესზე ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.
ადვოკატის შეფასებით, წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და საქმეში არსებულ რეალურ გარემოებებს არ ეფუძნება.
„წარდგენილი ბრალდება ბრალმდებლის ილუზიაა, რომელიც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. ბრალდების აბსურდულობაზე 36 ტომი მეტყველებს. ბრალდება დაუსაბუთებელი და აბსურდულია“, - განაცხადა მოსიაშვილმა.
სასამართლო სხდომა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის დასწრების გარეშე მიმდინარეობს, ვინაიდან იგი ოფიციალურად ძებნაში იმყოფება. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ყოფილი გენპროკურორის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ამ პოზიციას არ დაეთანხმა ადვოკატი გაგი მოსიაშვილი და აღნიშნა, რომ ფარცხალაძე „ძებნაში კი არ იმყოფება, არამედ იმყოფება იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეცაა [რუსეთში]“.
ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე დააყენონ შუამდგომლობა პროცესში ფარცხალაძის დისტანციურად ჩართვის შესახებ.
როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები რუსეთშიც ჩატარდა. ფარცხალაძის ადვოკატი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც გამოკითხა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, „დედ ხასანის“ შვილიშვილი ირაკლი უსოიანი - პირი, რომელიც გამოძიების ვერსიით, ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთია.
დაცვის მხარე საქმეზე სწორედ ამ გამოკითხვის ოქმის დართვას მოითხოვს. ადვოკატების თქმით, უსოიანი ოქმში განმარტავს, რომ მისი ოჯახი „შურისძიებაზე უარს აცხადებს“. ამასთან, დაცვის მხარე ითხოვს იმ ინფორმაციის დართვასაც, რომელიც უშუალოდ რუსული გამოძიებისგან გამოითხოვეს.
ბრალდების მხარე დაცვის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვს. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ადვოკატების მიერ მიწოდებული მოწმეთა ჩვენებები და კომპიუტერული მონაცემები კანონის არსებითი დარღვევითაა მოპოვებული:
„ბრალდების მხარეს დაცვის მხარემ რიგი მტკიცებულებები გაუცვალა, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, ასევე კომპიუტერული მონაცემი, რაც, ბრალდების მხარის შეფასებით, კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული. აქვე დავსძენ, ეს მტკიცებულებები არაფერს ადასტურებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველა მტკიცებულება კანონის დარღვევით აქვთ მოპოვებული, ბრალდების მხარე რიგი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვს“, — განაცხადა ვეფხვაძემ.
პროკურორის თქმით, საქმეში არსებობს კანონიერად მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები — მათ შორის ფარცხალაძის საბანკო ანგარიშები და მობილურ ტელეფონზე არსებული დეტალური ინფორმაცია, რაც ერთობლიობაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საკმარის საფუძველს ქმნის.
რა არის ცნობილი საქმის შესახებ
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ჩაცხრილეს.
პოლიციამ თავდაპირველად გელა უძილაური დააკავა, რომელსაც სასამართლომ უვადო პატიმრობა უკვე მიუსაჯა — ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობისთვის, ასევე გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის.
მოგვიანებით, საქმეზე პასუხისგებაში მიეცნენ სხვა პირებიც:
• ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა სსკ-ის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება), რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. იგი რუსეთის მოქალაქეა და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. • ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს (რომლებიც ფარცხალაძის გარემოცვის წევრებად მოიაზრებიან) და გიორგი ჯოხაძეს ბრალად ედებათ შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზება. სამივე პირს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი (დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს — დაუსწრებლად). ჯოხაძეს ასევე ბრალი ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღებაში. • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალი წარედგინა ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის. • მამუკა ბაღდავაძეს ბრალი ექნება წარდგენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების მუხლებით.
გამოძიება დაუსწრებლად ბრალდებულ დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურებს ახორციელებს.
BM.GE
წყარო: bm.ge