
ფერმერი და კალაძის "ფერარი" საწვავზე ერთი და იგივე აქციზით არ უნდა იბეგრებოდეს - ვახტანგ ბეჟიტაშვილი
ფერმერი და კალაძის ფერარი საწვავზე ერთი და იგივე აქციზით არ უნდა იბეგრებოდეს - ამის შესახებ BMG-სთან „ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილი აცხადებს. მისი თქმით, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციას მაღალი თვითღირებულება აქვს და სახელმწიფოს მხრიდან გონივრული პოლიტიკის გატარების გარეშე, პროდუქცია კონკურენტუნარიანობას საბოლოოდ დაკარგავს. პრობლემის ეპიცენტრში კი, საწვავის ფასი და აქციზის გადასახადია.
როგორც ბეჟიტაშვილი განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც ფერმერს წარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის საწვავში მაღალი ხარჯების გაღება უწევს, პროდუქციის გაიაფება ფიზიკურად შეუძლებელია. მისივე თქმით, საწვავის დაბეგვრის პოლიტიკა გადასახედია, რადგან, დაუშვებელია ფერმერისა და ფუფუნების საგნით მოსარგებლე პირის ერთ ქვაბში მოქცევა.
„არ შეიძლება ფერმერმა, მაგალითად გორში, მარნეულში, თუნდაც კახეთში ან დასავლეთ საქართველოში ერთი და იგივე აქციზით დაბეგრილი საწვავი ჩაასხას და ვთქვათ, რომელიმე თანამდებობის პირმა, მაგალითად კალაძემ „ფერარიში“ ჩაასხას იგივე აქციზით დაბეგრილი საწვავი. ამაში, რა თქმა უნდა, სხვაობა უნდა იყოს და სახელმწიფომ ამ ეტაპზე ნამდვილად ზომები უნდა მიიღოს“, - აცხადებს ბეჟიტაშვილი BMG-სთან.
მისი განმარტებით, სოფლის მეურნეობაში მოხმარებული საწვავი არ უნდა განიხილებოდეს როგორც „კომფორტის საგანი“ და ის განსხვავებული ტარიფით უნდა იბეგრებოდეს, რათა წარმოებული პროდუქტი ბაზარზე ხელმისაწვდომი დარჩეს.
ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქართულ რეალობას მეზობელ აზერბაიჯანს ადარებს, სადაც საწვავის ფასი თითქმის სამჯერ ნაკლებია, რაც პირდაპირ აისახება პროდუქციის საბოლოო ფასზე.
„იქ [აზერბაიჯანში] ლარნახევარი ღირს საწვავი, ჩვენთან კი 4 ლარი და, შესაბამისად, დანახარჯები ჩვენს ფერმერებს ძალიან დიდი აქვთ. ჩვენი პროდუქცია აზერბაიჯანულ პროდუქციას კონკურენციას ვერ გაუწევს“ - აღნიშნავს ბეჟიტაშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge