
„ფიფლიამ“ ერთ წელიწადში ოპერირება 11 ქვეყანაში დაიწყო - რა გეგმები აქვს კომპანიას?
ადამიანური რესურსების მართვის კომპანია „ფიფლიამ“ საქმიანობის პირველ წელს 11 ქვეყანაში დაიწყო ოპერირება, 70-ზე მეტი პროექტი განახორციელა და კომპანიებში 500-ზე მეტი თანამშრომლის დასაქმებას შეუწყო ხელი. კომპანიის საქმიანობის შედეგებზე კომპანიის თანადამფუძნებელმა მარიამ დემურიშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი თქმით, „ფიფლიას“ თავდაპირველი მიზანი ქართული ბიზნესებისთვის არა მხოლოდ შესაბამისი კადრების მოძიება, არამედ ადამიანური რესურსების მართვის სრული მომსახურების შეთავაზება იყო.
„ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანაში შევედით. მიზანი იყო, რომ ქართული ბიზნესებისთვის არა მხოლოდ შესაბამისი თანამშრომლების მოძიებაში დავხმარებოდით, არამედ სრული მოცულობით მოგვეცვა საქართველოც და სხვა ქვეყნებიც. ეს ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, სხვა ბაზრებზე გავიდნენ და იქ შესაბამისი ადამიანები მოვიძიოთ, რომლებიც მათ ბიზნესს ააშენებენ და თანამშრომლობის ხიდს შექმნიან“, - აცხადებს მარიამ დემურიშვილი.
კომპანია ოპერირებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის აზერბაიჯანში, სომხეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, პოლონეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. დემურიშვილის განმარტებით, „ფიფლიას“ სათავო ოფისი საქართველოშია, საერთაშორისო საქმიანობის მართვა კი დისტანციურად, სხვა ქვეყნებში დასაქმებული ადამიანებისა და პარტნიორი კომპანიების ჩართულობით ხორციელდება.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერირების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, თანადამფუძნებელი განსხვავებულ კანონმდებლობასა და შრომით რეგულაციებს ასახელებს. მისი თქმით, ადგილობრივი მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი პროცესების მართვა კომპანიის მომსახურების ნაწილია, რაც დამკვეთებს დროსა და რესურსებს უზოგავს.
„ყველა ქვეყნის კანონმდებლობა განსხვავებულია და თითოეულს თავისი სპეციფიკა აქვს. „ფიფლიას“ გუნდმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამართულიყო. ბიზნესისთვის სწორედ ამაშია დიდი სარგებელი. მათ არ უწევთ ამ დეტალებში შესვლა, კანონმდებლობისა და სხვადასხვა სპეციფიკის გაცნობა, რადგან ამ ყველაფერს ჩვენ ვუგვარებთ, როგორც თანამშრომლების, ისე ზოგადად HR-ის მიმართულებით“, - განმარტავს დემურიშვილი.
„ფიფლია“ ბიზნესებს ადამიანური რესურსების მართვის სრულ სერვისს სთავაზობს. მომსახურება მოიცავს თანამშრომლების მოძიებასა და ადმინისტრირებას, სახელფასო პროცესების მართვას, HR პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას, ტრენინგებს, ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარებასა და თანამშრომელთა მოტივაციის სისტემების შექმნასა და მართვას.
მარიამ დემურიშვილის განმარტებით, აუთსორსინგის მოდელი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაა ხელსაყრელი, რადგან მათ სრული HR დეპარტამენტის მომსახურების მიღება ერთი თანამშრომლის დაქირავებასთან შედარებით კონკურენტულ ფასად შეუძლიათ. მსხვილი კომპანიები კი „ფიფლიას“ ცალკეული მიმართულებების გასაძლიერებლადაც მიმართავენ.
„სრულ HR დეპარტამენტს ვაწვდით კომპანიას ერთი თანამშრომლის ფასად. ეს ნიშნავს, რომ თანხა იზოგება არა მხოლოდ თანამშრომლის ნაწილში, არამედ სხვადასხვა საოპერაციო მიმართულებითაც. ერთი კომპანია ემსახურება ბიზნესს HR-ის ყველა მიმართულებით - იქნება ეს თანამშრომლების მოძიება, ადმინისტრირება, HR პროგრამების დანერგვა და მართვა, ხელფასების დათვლა, ტრენინგები, ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება თუ სამოტივაციო სისტემების შექმნა და მართვა“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
მისივე თქმით, მომსახურების მნიშვნელოვანი მიმართულებაა პროცესების ავტომატიზაციაც. კომპანიებთან თანამშრომლობისას „ფიფლია“ HR პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასა და მართვას უზრუნველყოფს, რაც ხელით შესასრულებელი სამუშაოს შემცირებასა და რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებას უწყობს ხელს.
დემურიშვილის ინფორმაციით, „ფიფლიამ“ საქმიანობის პირველი წლის განმავლობაში 70-ზე მეტი პროექტი განახორციელა და 500-ზე მეტი თანამშრომლის დასაქმებას შეუწყო ხელი. კომპანიის სწრაფი ზრდის მთავარ ფაქტორად ის პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს ასახელებს.
„იმისთვის, რომ სხვა კომპანიების თანამშრომლებზე იზრუნო, პირველ რიგში, საკუთარ გუნდზე უნდა ზრუნავდე. გუნდი, რომელიც მყავს, ნამდვილად საამაყოა. ყოველდღიურად ვვითარდებით და ვიზრდებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გყავს გვერდით და ვინ აშენებს კომპანიას“, - აღნიშნავს მარიამ დემურიშვილი.
კომპანიის გეგმებში საერთაშორისო გაფართოების გაგრძელებაც შედის. დემურიშვილის შეფასებით, საქართველოს ბაზრის სიმცირის გათვალისწინებით, ადგილობრივმა კომპანიებმა უნდა გამოიყენონ შესაძლებლობები, რომ საკუთარი მომსახურება და პროდუქცია უცხოურ ბაზრებზე გაიტანონ.
BM.GE
წყარო: bm.ge