
Financial Times-ი ქართული Lion Finance Group-ის შესახებ წერს
“დიდი ბრიტანეთის საუკეთესო შედეგების მქონე ბანკი არ არის ის, რომელიც თქვენ გგონიათ”, - ასე იწყება Financial Times-ის სტატია, რომელშიც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საბანკო ჯგუფად ქართულ ფინანსურ ინსტიტუტს ასახელებს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ბანკების უმეტესობისთვის ბოლო წლები წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა საუკეთესო შედეგის მქონე საბანკო ჯგუფი ბრიტანეთის არც ერთ მთავარ ქუჩაზე არ მდებარეობს. საუბარია Lion Finance Group-ზე - ფინანსურ ჯგუფზე, რომელმაც მიმდინარე წელს FTSE 100-ის ინდექსშიც დაიკავა ადგილი.
კომპანია, რომელიც ადრე Bank of Georgia Group-ის სახელით იყო ცნობილი, ლონდონის ბირჟაზე 2006 წელს დაილისტა და გახდა პირველი კომპანია სამხრეთ კავკასიიდან, რომელმაც ეს შეძლო. 2024 წელს ჯგუფმა საქმიანობა სომხეთშიც გააფართოვა და $304 მილიონად შეიძინა Ameriabank. FTSE 250-ის ინდექსში 2012 წლიდან მოხვედრის შემდეგ, Lion Finance Group-მა ამ ინდექსის საშუალო მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
ერთგვარად, კომპანია კლასიკურ „განვითარებადი ბაზრების“ საინვესტიციო ისტორიას წარმოადგენს - ფსონს ორ სწრაფად მზარდ, თუმცა გარკვეულწილად ვოლატილურ ეკონომიკაზე: საქართველოზე და სომხეთზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026 წელს ორივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 5%-ს გადააჭარბებს, ხოლო თავად Lion Finance Group-ი უფრო ძლიერ ზრდასაც ელოდება, ირანში მიმდინარე ომის გავლენის მიუხედავად.
კომპანიის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე მიზნად ისახავს, ეს მოდელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვა ბაზრებზეც გაავრცელოს - სტაბილური, მაგრამ კონსერვატიული ბანკების შეძენის გზით. Ameriabank პირველი ასეთი ნაბიჯი იყო. გასულ წელს Lion Finance Group-მა ასევე მონაწილეობა მიიღო HSBC-ის მალტური ბიზნესის შეძენის პროცესში. პოტენციურ სამიზნედ შესაძლოა განიხილებოდეს Luminor-იც, რომელიც ბალტიისპირეთში ოპერირებს.
ინვესტორებისთვის განვითარებადი და ე.წ. frontier ბაზრები ხშირად მიმზიდველია და ეს ბაზრები ხშირ შემთხვევაში, კარგ შედეგებსაც აჩვენებენ, მაგრამ მათ დივერსიფიკაციაც მოსწონთ.
მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი საბანკო ჯგუფის შექმნა რთული ამოცანაა. მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ბანკსაც კი, JPMorgan Chase-ს, გერმანიაში საცალო ოპერაციების გაფართოებისას სირთულეები შეხვდა. ლონდონიდან დანახული frontier ბაზრები შესაძლოა ერთმანეთის მსგავსი ჩანდეს, თუმცა რეალურად მათ შორის რეგულაციების, კულტურისა და პოლიტიკის მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავებებია.
თუ Lion Finance Group-ი ამ სტრატეგიას წარმატებით განახორციელებს, სარგებელს მიიღებს თავად London Stock Exchange-იც. 2006 წელს ლონდონი ევროპის პერიფერიიდან წამოსული კომპანიებისთვის ბუნებრივი არჩევანი იყო, დღეს კი ახალი კომპანიების მოზიდვა გაცილებით რთულია. ამიტომ, ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილი წარმატებული კომპანიები, რომლებსაც უშუალოდ ლონდონთან კავშირი არ აქვთ, ბირჟისთვისაც მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge