
"გადახდისუნარიანი ტურისტი ყოველწლიურად იკლებს" - Best Western Gudauri
გუდაურში მდებარე სასტუმრო Best Western Gudauri-ის მფლობელი გიორგი კვიწინაშვილი აცხადებს, რომ კურორტზე მთავარი გამოწვევა უკვე არა დატვირთულობა, არამედ ტურისტების გადახდისუნარიანობაა.
როგორც მან BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მთის ტრასების სააგენტომ (MTA) სეზონი ნაადრევად დახურა და ალტერნატიულ ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიები არ განხორციელებულა, სასტუმრო ამ ეტაპზე დაახლოებით 30%-იანი დატვირთვით მუშაობს.
„ყოველ წელს დატვირთულობის კოეფიციენტის პრობლემა კი არ გვაქვს - გადახდისუნარიანობის პრობლემა გვაქვს. სასტუმროსთვის მთავარი ის კი არ არის, რომ ნომერი გაყიდოს, მთავარი არის, რომ იმ სტუმარმა რესტორანშიც შეჭამოს, სერვისებით ისარგებლოს... 100-ლარიანი ეკიპირების მყიდველი არავინ არ არის. ყოველ წელს მსყიდველუნარიანობის ხარისხი უფრო და უფრო კლებულობს“, - აცხადებს გიორგი კვიწინაშვილი.
მისივე განმარტებით, გუდაურის მთავარი პრობლემა სტრატეგიის არქონაა. კვიწინაშვილი ამბობს, რომ კურორტზე მაისშიც კი დიდი რაოდენობით თოვლია, თუმცა არსებული რესურსის გამოყენება უწყების მხრიდან ვერ მოხერხდა.
„მარტი, აპრილი, მაისი… დიდი რაოდენობით თოვლი გვაქვს და მოდი რა, გუდაურის გაპიარებას დავაჭიროთ წიხლი… მაგრამ ეგ სტრატეგიულად ვერ გათვალეს. საერთოდ არის სტრატეგია? - შეიძლება მსჯელობა“, - ამბობს იგი.
Best Western Gudauri-ის მფლობელის ინფორმაციით, აპრილიდან გუდაურში სასტუმროებმა ფასებიც მნიშვნელოვნად შეამცირეს. მისი თქმით, თუ ზამთარში ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების ღირებულება 140-180 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, გაზაფხულზე ფასი 60-70 დოლარამდე ჩამოვიდა, ხოლო ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში - 90-100 დოლარამდე.
„70 დოლარად შეგიძლიათ ორი ადამიანი საუზმით ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროში წახვიდეთ გუდაურში... 90-100 დოლარამდე კი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში. გეკითხებით, სად უნდა წახვიდე მაგაზე უკეთესში“, - აცხადებს გიორგი კვიწინაშვილი.