
“გაიზრდება საშუალო ანაზღაურება”- რა გავლენა ექნება უცხოელების დასაქმების შეზღუდვას შრომის ბაზარზე?
"კანონმდებლობის გამკაცრება დამსაქმებელს უცხოური მუშახელის შენახვას უძვირებს. ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს საშუალო ანაზღაურების კიდევ უფრო მეტად ზრდას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, ტექნოლოგიები და საკურიერო მომსახურება"- ამის შესახებ “საქმის კურსთან” ინტერვიუში რეკრუტინგული კომპანია “ინსორსის” მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე აცხადებს.
მისი შეფასებით, ბიზნესი ხარჯების ოპტიმიზაციას შეეცდება, თუმცა კადრების დეფიციტის პირობებში, ანაზღაურების მატება გარდაუვალი პროცესია.
“უცხოელი სამუშაო ძალის დასაქმებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები აისახება ანაზღაურებაზე. მომდევნო თვეებში კიდევ უფრო შემცირდება მაგალითად, დაბალანაზღაურებადი სამუშაოები და გაიზრდება საშუალო ანაზღაურება.
როცა იცის დასაქმებულმა, რომ მასზე მოთხოვნა არსებობს და მისი რესურსი სჭირდება ბიზნესს, რომ უკუგება ნახოს, მასაც შეუძლია რომ საკუთარ რესურსს ცოტა გაზრდილი ფასი დაადოს. ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა მშენებლობა, საკურიერო მომსახურებები, ტექნოლოგიები - მე ვფიქრობ, რომ ბიზნესი შეეცდება, რომ შედარებით ნაკლებად დასწიოს ანაზღაურება, ეს მცდელობა აუცილებლად კონკურენციას შეეჩეხება და გვექნება ისევ ანაზღაურების ზრდა. მოთხოვნა ნაკლებად მგონია რომ გაიზარდოს, გართულებული დაქირავების პროცესი, მერე მათი აღრიცხვა და კანონმდებლობასთან მოყვანის ოპერაციები კი გარკვეულ ხარჯებს დააკისრებს ბიზნესს”,-აცხადებს ტაბატაძე.
ახალი წესების მიხედვით, უცხოელთათვის საქართველოში მუშაობა მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი. იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა მას „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება.
BM.GE
წყარო: bm.ge