მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. განიხილება სარეზოლუციო ფონდისთვის მსოფლიო ბანკის ფინანსური რესურსის მოზიდვა - ეროვნული ბანკი
განიხილება სარეზოლუციო ფონდისთვის მსოფლიო ბანკის ფინანსური რესურსის მოზიდვა - ეროვნული ბანკი

განიხილება სარეზოლუციო ფონდისთვის მსოფლიო ბანკის ფინანსური რესურსის მოზიდვა - ეროვნული ბანკი

BM.GE14 ივლისი, 2026, 18:50|bm.ge

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის სხდომაზე მსოფლიო ბანკის მიერ სარეზოლუციო ფონდისთვის სპეციალური საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესაძლებლობა განიხილეს. აღნიშნული მექანიზმი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომერციული ბანკის რეზოლუციის საჭიროება დადგება დღის წესრიგში.

კომიტეტის სხდომის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში გაავრცელა. სების ცნობით, შეხვედრაზე ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მათ შორის სარეზოლუციო ფონდის მიმდინარე მდგომარეობა, კომერციული ბანკების შენატანების პროცესი, ფონდის ადმინისტრირება და საინვესტიციო მართვა.

ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტში საქართველოს ფინანსთა მინისტრი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შედიან.

სების ინფორმაციით, კომიტეტის წევრებმა ასევე იმსჯელეს მსოფლიო ბანკის მიერ სარეზოლუციო ფონდის სასარგებლოდ ე.წ. საკრედიტო ხაზის გამოყოფის პროექტზე. განხილვის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პროექტის ფინანსურ პირობებზე, განხორციელების ეტაპებზე, სამართლებრივ და ინსტიტუციურ საკითხებზე, ასევე შესაძლო ვალდებულებებზე.

საკრედიტო ხაზის მიზანი არ არის მიმდინარე პერიოდში საბანკო სექტორის დაფინანსება. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საგანგებო შემთხვევაში, როდესაც რომელიმე კომერციული ბანკის გაჯანსაღების ან რეზოლუციის პროცესის დაფინანსების საჭიროება წარმოიქმნება. ასეთ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის ხელთ იქნება დამატებითი ფინანსური რესურსი, რომელიც სარეზოლუციო პროცესის ეფექტიანად წარმართვას შეუწყობს ხელს.

ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა სარეზოლუციო ფონდის პირველი აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის ბოლოსთვის ფონდში 39.1 მილიონი ლარის აქტივები იყო აკუმულირებული.

სარეზოლუციო ფონდი კომერციული ბანკების შესაძლო კრიზისების მართვისთვის შეიქმნა. მისი მიზანია პრობლემური ბანკის რეზოლუციის პროცესის დაფინანსება ისე მოხდეს, რომ შემცირდეს სისტემური რისკები და თავიდან იქნეს აცილებული გადასახადის გადამხდელთა ფინანსური რესურსების გამოყენების აუცილებლობა.

ფონდის შევსების ვალდებულება კომერციულ ბანკებს 2023 წლის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაეკისრათ. მანამდე მოქმედი მოდელი ითვალისწინებდა, რომ კრიზისის შემთხვევაში საჭირო რესურსი შესაძლოა დროებითი სახელმწიფო დაფინანსებით მოზიდულიყო.

2025 წლისთვის საბანკო სექტორის საერთო შენატანი სარეზოლუციო ფონდში 37.8 მილიონი ლარით განისაზღვრა. წლის განმავლობაში ბანკებმა ფონდში 34.7 მილიონი ლარი შეიტანეს, ხოლო 3.1 მილიონი ლარი, რომელიც წლის ბოლოსთვის ჯერ კიდევ გადასახდელი იყო, კომერციული ბანკების მიმართ მოთხოვნის სახით აისახა.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფონდის აქტივებიდან 29.1 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობის ობლიგაციებში იყო განთავსებული, დაახლოებით 7 მილიონი ლარი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო ანგარიშზე ირიცხებოდა, ხოლო დარჩენილი თანხა ბანკებისგან მისაღებ შენატანებს წარმოადგენდა.

კანონმდებლობის მიხედვით, სარეზოლუციო ფონდის სამიზნე მოცულობა დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობის 3%-ია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლისთვის სამიზნე მოცულობა 302.4 მილიონ ლარად განისაზღვრა, რომლის მიღწევაც 2033 წლამდე უნდა მოხდეს.

სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებას ეროვნული ბანკი ახორციელებს, ხოლო საინვესტიციო მართვა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს აქვს გადაცემული. ფონდში დაგროვილი თანხები მხოლოდ დაბალი რისკის მქონე აქტივებში შეიძლება განთავსდეს, მათ შორის საქართველოს მთავრობის ფასიან ქაღალდებში.

ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი ამჟამად სტაბილურია, მაღალი კაპიტალიზაციითა და ლიკვიდობის ბუფერებით გამოირჩევა. შესაბამისად, სარეზოლუციო ფონდი და მასთან დაკავშირებული დამატებითი ფინანსური მექანიზმები პრევენციულ ინსტრუმენტებს წარმოადგენს, რომლებიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიშანდების საფასური 2027 წლის 1 თებერვლამდე განისაზღვრება|უცნობია, რამდენს გადაახდევინებენ "მცირე მარნებს"

ნიშანდების საფასური 2027 წლის 1 თებერვლამდე განისაზღვრება|უცნობია, რამდენს გადაახდევინებენ "მცირე მარნებს"

BM.GE

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აფსკის ნავთობქარხანაში ხანძარი გაჩნდა

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აფსკის ნავთობქარხანაში ხანძარი გაჩნდა

BM.GE

აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ირანი ნავთობის ექსპორტის გაგრძელებას გეგმავს

აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ირანი ნავთობის ექსპორტის გაგრძელებას გეგმავს

BM.GE

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! | საქართველოს ბანკი, ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! | საქართველოს ბანკი, ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

BM.GE