
გასართობ და სპორტულ არხებს უცხოური დაფინანსების მიღება შეეძლებათ
გასართობ და სპორტულ არხებს არხებს უცხოური დაფინანსების მიღების უფლება ექნებათ.
პარლამენტში განიხილება "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლითაც მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვა მოეხსნებათ სპეციალიზებულ მაუწყებლებს (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა), რომლებიც სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და გასართობი თემატიკით მაუწყებლობენ.
გასულ წელს „მაუწყებლობის შესახებ“ შესული ცვლილებებით ტელევიზიებს უცხოური დაფინანსების მიღება აეკრძალათ. ამ ცვლილებით კი სპორტული და გასართობი არხებისთვის გამონაკლისი იმოქმედებს. მოქმედი კანონით "უცხოურად" მიიჩნევა ნებისმიერი შემოსავალი უცხოეთიდან, რომელიც მაუწყებელმა სარეკლამო განთავსების გარდა მიიღო.
კერძოდ, განმარტებით ბარათში წერია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალდებულოს მიღებული დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა. ასევე დგინდება, რომ კომისიის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო.
კანონპროექტით დგინდება მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს კანონის ეფექტიან აღსრულებას.
აგრეთვე, ცვლილება შედის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 70-ე მუხლის მე-9 და 91 პუნქტებში, რომლის თანახმადაც ფართოვდება სუბიექტთა წრე, კერძოდ, სასამართლო კონტროლის გამოყენებით შესაძლებელი იქნება იმ პირთა გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, რომლებიც შესაძლოა, არაპირდაპირი გზით აფინანსებდნენ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს.