
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 11-17 მაისი
გთავაზობთ 11-17 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად შეინარჩუნა, თუმცა 6.5%-მდე გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა და დაადასტურა სტაბილური პერსპექტივა. ამასთან, ორგანიზაციამ გადახედა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის წინა პროგნოზს და ის 5.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა.
სააგენტოს განმარტებით, საქართველოს რეიტინგს მხარს უჭერს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე BB კატეგორიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, სანდო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩო, ზომიერი სახელმწიფო ვალის მოცულობა და ჯანსაღი საბანკო სექტორი. თუმცა, ამ დადებით ფაქტორებს აბალანსებს გაზრდილი პოლიტიკური დაძაბულობა, კვლავ შედარებით მაღალი ფინანსური დოლარიზაცია, სახელმწიფო ვალის მაღალი მგრძნობელობა უცხოური ვალუტის რისკების მიმართ და პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით სუსტი საგარეო ფინანსები (მათ შორის, შედარებით დაბალი საგარეო ბუფერები და მაღალი წმინდა საგარეო ვალი).
"ჰანიველ ცემენტი" კასპში $70-მილიონიან პროექტს იწყებს
“ჰანიველ ცემენტი“ კასპში, 70 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი კლინკერის წარმოებისა და ცემენტის დაფქვის თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის სიმბოლური ჩადების ღონისძიება 15 მაისს გაიმართა. "პროექტის ფარგლებში, კლინკერის დღიური წარმადობა 1,200 ტონით გაიზრდება. ახალი ტექნოლოგიური ხაზი, რომელიც ნაწილობრივ არსებულ ინფრასტრუქტურასაც გამოიყენებს, უზრუნველყოფს კლინკერის წლიური წარმოების 400,000 ტონით ზრდას.შედეგად, კლინკერის წლიური წარმოება ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს. პარალელურად, კომპანია აშენებს ცემენტის დაფქვის ახალ, თანამედროვე ხაზს, რომლის წარმადობაც საათში 70 ტონა იქნება. იგი სრულად ინტეგრირდება საწარმოს არსებულ ინფრასტრუქტურაში და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოების მყარ გარანტიას შექმნის", - ნათქვამია "ჰანიველ ცემენტის" გავრცელებულ ინფორმაციაში.
SOCAR-მა ლევან დავითაშვილი Italiana Petroli-ს გენერალურ დირექტორად დანიშნა
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის CEO გახდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. კომპანია Italiana Petroli 2026 წლის მაისში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა 2.9 მილიარდ ევროდ შეიძინა, კომპანია აღნიშნულ გარიგებაზე 2025 წლის სექტემბრიდან მუშაობდა და საბოლოო რეგულატორული ნებართვა 2026 წლის მაისში მიიღო, რის შემდეგაც მისი 99.82%-ის წილი შეიძინა. აღნიშნული გარიგების ხელმოწერის შემდეგ SOCAR-ის გადაწყვეტილებით, Italiana Petroli-ის გენერალური დირექტორის პოსტი ლევან დავითაშვილმა დაიკავა.
დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ივნისამდე იკავებდა.
შავი სიის მექანიზმის გაფართოება, ფასების ინდექსაცია, ფასწარმოქმნის გაუმჯობესება - მთავრობა ინფრასტრუქტურის მშენებლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. ცვლილებების ფარგლებში, იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს. რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას - შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები, იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა, სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.
აპრილში ფულადი გზავნილები 8%-ით, 318 მილიონ დოლარამდე გაიზარდა
2026 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.6%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი გზავნილი კვლავინდებურად აშშ-დან გადმოირიცხა 58 მილიონი დოლარის ოდენობით, საიდანაც ზრდა 8%-ს შეადგენს. იტალიიდან გზავნილები 53 მილიონი დოლარი იყო, საიდანაც გზავნილები 6%-ით არის გაზრდილი, რუსეთიდან კი აპრილში 42 მილიონი დოლარიო გადმოირიცხა, საიდანაც გზავნილების ზრდა 5%-ია.
აპრილში ექსპორტი 16%-ით, $716 მილიონამდე გაიზარდა, იმპორტი კი 3%-ით, $1.48 მილიარდამდე შემცირდა
საქსტატმა 2026 წლის აპრილის ექსპორტის წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც აპრილში საქართველოდან უცხოეთში 716 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99.4 მილიონი დოლარით, ანუ 16%-ით მეტია. ამასთან, 3%-ით, ანუ 44 მილიონი დოლარით შემცირდა იმპორტი და მან გასულ თვეში 1.48 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2026 წლის 4 თვეში საქართველოს ექსპორტი იყო 2.4 მილიარდი დოლარი, რაც წლიურად 21%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 5%-ით, 5.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირება ძალაში 19 მაისიდან შევა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 5 პროცენტული პუნქტით შეუმცირა - შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და ის ძალაში 19 მაისიდან შევა. შესაბამისად, კომერციულ ბანკებს გამოუთავისუფლდებათ დამატებითი ფინანსური რესურსი, რათა აღნიშნული თანხა სესხებად გასცენ. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ბანკებს საერთო ჯამში დაახლოებით 250 მილიონი დოლარი გამოუთავისუფლდებათ. სებ-მა ბანკებისთვის უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 2024 წლის ბოლოს გაზარდა, ახლა კი, აღნიშნული კვლავ შემცირების მიმართულებით შეიცვალა.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერები კიდევ ერთხელ ჩავარდა
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის 28 აპრილს გამოცხადებული სამი ტენდერი უკვე მესამედ ჩავარდა - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. ტენდერების ჩავარდნა განაპირობა ფაქტმა, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ჯერ კიდევ 2025 წელს გეგმავდა, რისთვისაც ოთხი კონტრაქტი გაფორმდა 28 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა გასული წლის მარტში მერიამ ამ სამუშაოების გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მიუთითა, რომ პროექტირება გაგრძელდებოდა და 2026 წლიდან ტენდერები თავიდან გამოცხადდებოდა. მიმდინარე წლის თებერვალში კიდევ ერთხელ გამოცხადდა შესაბამისი 12.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები, თუმცა მარტში ცნობილი გახდა, რომ ჩაიშალა, ვინაიდან ტენდერებში წინადადებები არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა.
საპენსიო ფონდის ზომამ 9 მილიარდ ლარს გადააჭარბა
საქართველოს საპენსიო ფონდი აპრილის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9 მილიარდ ლარს გადააჭარბა. უფრო კონკრეტულად, დღეისთვის ფონდის ზომა 9.2 მილიარდ ლარს აჭარბებს. სისტემაში სულ 1,546,846 ადამიანის დანაზოგები არის დაცული და ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 5,912 ლარს შეადგენს.
საპენსიო ფონდის აქტივები სამ განსხვავებულ პორტფელში არის განთავსებული, ესენია კონსერვატიული პორტფელი, სადაც თანხის 98.7% დევს (9.03 მლრდ ლარი), დაბალანსებული პორტფელი 52.4 მილიონი ლარით და დინამიკური პორტფელი 61 მილიონი ლარით. ამასთან, კონსერვატიულ პორტფელში ინახება სისტემის 1,536,680 მონაწილის საპენსიო დანაზოგი; დაბალანსებულ პორტფელში 5,159 მონაწილის, ხოლო დინამიკურ პორტფელში კი მხოლოდ 5,007 მონაწილის.
Kanye West-ის კონცერტის 70,000 ბილეთი გაიყიდა
11-12 მაისს დასრულდა ქანიე უესთის კონცერტის ბილეთების გაყიდვა. კულტურის სამინისტროს შპს Starring Georgia-ს თანახმად, 12 ივნისის კონცერტისთვის სულ გაიყიდა 70,000 ბილეთი.
ბილეთების ღირებულება 470 ლარიდან 1600 ლარამდე მერყეობდა. ბილეთების რაოდენობის და ფასების გათვალისწინებით, კონცერტის შემოსავლები ბილეთების რეალიზაციიდან დაახლოებით 31.8 მილიონი ლარია.
უცნობია თუ რა თანხას უხდის სახელმწიფო კომპანია ქანიე უესთს ჰონორარის სახით.
აზარტული თამაშების სექტორისთვის ჯარიმები იზრდება - კანონპროექტი
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების ზრდას ითვალისწინებს. ცვლილებები შეეხება როგორც ფიზიკურ კაზინოებსა და სლოტ კლუბებს, ისე ონლაინ აზარტული თამაშების ორგანიზატორებს. საუბარია იმ სალიცენზიო მოთხოვნების შეუსრულებლობაზე, რომლებიც 25 წლამდე პირების თამაშს კრძალავს, ასევე საჯარო მოსამსახურეთა და აკრძალულ პირთა სიაში მყოფი პირების თამაშის აკრძალვას ითვალისწინებს, ასევე სხვა პირობების შეუსრულებლობაზე, რაც მომხმარებელთა იდენტიფიკაციას, ჩანაწერების წარმოების და აღრიცხვას შეეხება.
კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის სანქცია 7,000 ლარიდან 20,000 ლარამდე იზრდება. სათამაშო აპარატების სალონებისთვის ჯარიმა 1,000 ლარის ნაცვლად 10,000 ლარი იქნება, ხოლო აზარტული კლუბებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მქონე პირებისთვის - 2,000 ლარის ნაცვლად 10,000 ლარი.
BM.GE
წყარო: bm.ge