
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 17-24 მაისი
წარმოდგიდგენთ 17-24 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში:
საქართველომ აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის მოწოდების ხელშეკრულება მომდევნო 20 წლით განაახლა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად ამოქმედდება, თბილისსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა, ბაქო-სუფსას მილსადენის ოპერირებაზე ხელშეკრულება გაფორმდა
18 მაისს საქართველომ აზერბაიჯანთან ხელი მოაწერა რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მომდევნო 20 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის მიღების, ელექტროენერგიის ტრანზიტის, 26 მაისიდან სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიერ ოპერირების დაწყების და ბაქო-სუფსას ნავთობსადენის ოპერირებასთან დაკავშირებით.
"ხელმოწერილი დოკუმენტები მოიცავს სამთავრობათაშორისო შეთანხმებებს: საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ; საერთაშორისო ბაზრებზე აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების ტრანზიტის გაგრძელების თაობაზე; საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ. ასევე, ხელი მოეწერა საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომელიც ადასტურებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში განხორციელებული მოდერნიზაციის სამუშაოების საბოლოო მიღებასა და დასრულებას.
ზემოაღნიშნული სამთავრობათაშორისო შეთანხმებების იმპლემენტაციისთვის, ორივე ქვეყნის შესაბამისმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიებმა ხელი მოაწერეს ძირითად პირობებს (Heads of Terms), რომლებიც განსაზღვრავენ იმ სრულფასოვანი ხელშეკრულებების მთავარ კომერციულ პარამეტრებს, რომლებიც უნდა გაფორმდეს არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა.
გარდა ამისა, ხელი მოეწერა საოპერაციო შეთანხმების ძირითად პირობებს (Operating Agreement Heads of Terms) აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR), „SOCAR Midstream Operations LLC“-სა (SMO) და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (GOGC) შორის. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის საქართველოს მონაკვეთის, მათ შორის სუფსის ნავთობტერმინალისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის, ექსპლუატაციის პირობებს.
საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლმა ასევე ოფიციალურად გააფორმა შესაბამისი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გადაცემა ერთობლივი საწარმოსთვის - შპს „BTKI Railways“-ისთვის, რომელიც უზრუნველყოფს სარკინიგზო ხაზის მართვას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული კავშირების გასაძლიერებლად. მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე ყოველდღიური სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის აღდგენაზე 2026 წლის 26 მაისიდან,"- ნათქვამია აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინსტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანული გაზი შემდეგი 20 წლით "სოციალური ფასით" მოგვეწოდება, შენარჩუნდება არსებული ტარიფები - კობახიძე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით ბუნებრივი აირის მოწოდების ხელშეკრულების განახლებით საქართველო გაზზე არსებული ტარიფების შენარჩუნებას შეძლებს.
"ეს იყო საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმება და რამდენიმე მიმართულებით გაფორმდა ხელშეკრულება. პირველი უკავშირდება გაზს და მის იმპორტს/ტრანზიტს აზერბაიჯანიდან. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა "სოციალური გაზის" შეთანხმების გაგრძელებას. იცით, რომ 20 წლით იყო ეს შეთანხმება დადებული და მას ვადა მიმდინარე წელს ეწურებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, რომ ეს ხელშეკრულება გაგრძელდა. ანუ "სოციალური გაზი" შემდეგი 20 წლით "სოციალური ფასით" საქართველოს მიეწოდება. ასევე ელექტროენერგიის იმპორტთან და ტარიფთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. სამწუხაროდ, კომერციული საიდუმლოებაა ეს ხელშეკრულება და მისი დეტალები. რომ არ იყოს კომერციული საიდუმლოება კიდევ უფრო გასაგები გახდებოდა საზოგადოებისთვის ის უდიდესი სარგებელი, რაც ამ შეთანხმებას მოაქვს.
საქართველომ მიიღო იდეალური პირობები, რაც მათ შორის, გულისხმობს იმას, რომ ამ შეთანხმებების გათვალისწინებით, ჩვენ შევძლებთ არსებული ტარიფების შენარჩუნებას ეს არის საზოგადოებისთვის მთავარი.
რაც შეეხება ოცწლიან პერიოდს, ოცწლიანი არის რეალურად გაგრძელება, მაგრამ ფორმალურად ეს ახალი ხელშეკრულებაა, თუმცა მაინც იმის გაგრძელებაა, რაც მანამდე იყო. მთლიანობაში, რაც მთავარია ეს შეთანხმებები არ იწვევს საზოგადოებისთვის ტარიფის ზრდას და ეს არის პრინციპული შედეგი, რაც მივიღეთ. მოცულობების კუთხითაც გვაქვს მყარი გარანტიები და ესეც არის ქვეყნისთვის მთავარი მიღწევა", - განაცხადა კობახიძემ.
თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებელი 26 მაისიდან იწყებს ოპერირებას, 1000-ზე მეტი ბილეთი უკვე გაიყიდა
საინფორმაციო სააგენტო Trend-ი აზერბაიჯანის რკინიგზაზე (ADY) დაყრდნობით წერს, რომ ჯავშნების გახსნიდან მოკლე დროში, ბაქო-თბილისის დაგეგმილ სამგზავრო მარშრუტზე ათასზე მეტი ბილეთი გაიყიდა. სააგენტოს ცნობითვე, ბაქოდან გამავალ რეისებზე 400-ზე მეტი ბილეთია გაყიდული, ხოლო თბილისიდან გამსვლელი ბილეთების გაყიდვებმა 500-ს გადააჭარბა. რკინიგზის ხელმძღვანელობამ შეცვალა ბაქოდან გასამგზავრებლად დაგეგმილი პირველი სამგზავრო მატარებლის შემადგენლობა და ვაგონები დაამატა. ADY-ში განაცხადეს, რომ საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესით გამოწვეულმა ტრანზაქციების დიდმა მოცულობამ დროებითი შეყოვნება გამოიწვია როგორც ონლაინ დაჯავშნის პლატფორმებზე, ისე სალაროებში. ბილეთის ფასი 81 მანათიდან, ანუ 127 ლარიდან იწყება.
2026 წლის 4 თვეში მთავრობამ 7.5 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2026 წლის ბიუჯეტის 4 თვის შესრულების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც განვლილი პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტში 7.5 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, ეს 6 თვის გეგმის 67.7%-ს შეადგენს. კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - 2.8 მილიარდი ლარი ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადიდან შევიდა, მეორე ადგილს კი დამატებული ღირებულების გადასახადი იკავებს 2.7 მილიარდი ლარით.2026 წლის იანვარ-აპრილში ცენტრალურ ბიუჯეტში შესული გადასახადები ასე ნაწილდება:
• საშემოსავლო გადასახადი - 2,819,259,800 ლარი, 6 თვის გეგმის 69.6%; • დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) - 2,719,764,800 ლარი, 6 თვის გეგმის 67%; • მოგების გადასახადი - 1,211,306,000 ლარი, 6 თვის გეგმის 73.6%; • აქციზი - 744,497,700 ლარი, 6 თვის გეგმის 61.5%; • იმპორტის გადასახადი - 51,052,100 ლარი, 6 თვის გეგმის 70.9%.
მიმდინარე წელს ყველაზე მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილება ავტომობილების განბაჟების აქციზის გადასახადს უკავშირდება. 6 წლამდე და 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების განბაჟების აქციზის გადასახადი 560%-ით გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტრომ 400 მილიონიანი ლარის ობლიგაცია განათავსა
ფინანსთა სამინისტრომ 400 მილიონი ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციები განათავსა ანუ შიდა ვალი აიღო.
ეს თანხა 2026 წელს ყველაზე დიდი მოცულობის ლარის ობლიგაციაა, რაც მთავრობამ გამოუშვა, რადგან ფინანსთა სამინისტრო ამ დრომდე სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ობლიგაციების აუქციონებს 20-75 მილიონი ლარის ფარგლებში ათავსებდა.
ობლიგაციის ვადიანობა 5.9 წელია, ფასიანი ქაღალდის კუპონის განაკვეთი კი - 9% ანუ მთავრობა 400 მილიონ ლარის ვალს 2032 წლის აპრილში დაფარავს.
250,000 ლარის ქრთამის აღებისთვის გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს
ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს. ის ამ თანამდებობას 2021 წლიდან 2025 წლის აპრილამდე იკავებდა. სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის ინფორმაციით, ახობაძემ 2024 წლის აპრილში ქრთამის სახით აიღო ნაღდი ფული 250,000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 40 მილიონი რუბლის გატარების საქმეს უკავშირდებოდა.
სუს-ის ინფორმაციით, მას საზღვარზე დიდი რაოდენობით რუბლის გადატანის მფარველობისთვის ქრთამის სახით ₾250,000-ს აღება ედება ბრალად. ამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
2026 წლის 4 თვეში საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა გაიზარდა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობამ 5,949,115 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 21%-ით მეტია. სამინისტროს თანახმად, გაზრდილია ასევე კონტეინერების რაოდენობაც, რომლებიც ქართულმა პორტებმა მიიღეს და გააგზავნეს. ჯამურად, გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 258,583 TEU-ს შეადგენდა (TEU 20 ფუტის სიგრძის კონტეინერის ერთეული), ეს რაოდენობა წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია. ტვირთების საერთო ნაკადის პარალელურად, მზარდი დინამიკა შენარჩუნდა კონტეინერების მიმართულებითაც - საანგარიშო პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ (TEU) 8%-იანი მატება აჩვენა. 2026 წლის იანვარ-აპრილში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 258,583 TEU შეადგინა.
ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურ დირექტორად ირაკლი გაბრიაძე დაინიშნა
ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურ დირექტორად ირაკლი გაბრიაძე დაინიშნა, შესაბამისი ინფორმაცია ახალი კორპორაციის ამონაწერში არის მითითებული.
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში"-ს რეორგანიზაციის საფუძველზე დაფუძნდა. ირაკლი გაბრიაძე 2020 წლიდან ამავე სააგენტოს უფროსის, მიხეილ ხიდურელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხიდურელმა 27 აპრილს სსიპ "ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს" უფროსად გადაინაცვლა, რომელიც ყოფილი სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის სააგენტოს ბაზაზე დაფუძნდა და მასში "აწარმოე საქართველოში"-ს ინვესტიციების მოზიდვის და ექსპორტის მხარდაჭერის დეპარტამენტმა გადაინაცვლა, ხოლო სააგენტოს დანარჩენი ფუნქციები, რაც ბიზნეს სესხების საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გულისხმობს სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაში" გადავიდა.
ექსპორტი 21%-ით, 2.44 მილიარდამდე გაიზარდა
საქსტატმა 2026 წლის პირველი ოთხი თვის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჯამურად ექსპორტი 21.1%-ით, 2.44 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ანგარიშის თანახმად, მკვეთრად, 217 მილიონი დოლარით, ანუ 29%-ით, 537 მილიონ დოლარამდე შემცირდა საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, თუმცა 922%-ით არის გაზრდილი ნავთობპროდუქტების ექსპორტი. ტოპ 10 საექსპორტო საქონელი ასე ნაწილდება:
# საქონელი მლნ დოლარი ზრდა/კლება 1 მსუბუქი ავტომობილები $537.4 -29% 2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $324.1 922% 3 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $225.1 134% 4 ფეროშენადნობები $94.6 92% 5 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $80.1 119% 6 სპირტიანი სასმელები $75.9 -1% 7 ყურძნის ნატურალური ღვინოები $73.5 2% 8 მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე $63.9 10% 9 გაზიანი სასმელები, შაქრის შემცველობით $61.0 39% 10 თხილი და სხვა კაკალი $59.7 58% 11 დანარჩენი საქონელი – სულ $844.5 11%
4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე - საბანკო სექტორის 4 თვის შედეგები
საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის იანვარ-აპრილში 1.17 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის 4 თვის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა. მოგება წლიურ ჭრილში 166.6 მილიონი ლარით, ანუ 16.7%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე. ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 603 მილიონი ლარის მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს, რაც წლიურად 16%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 444 მილიონი ლარით (+15% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას უკვე "ბაზისბანკი" იკავებს 38 მილიონი ლარით (+25%), ხოლო "ლიბერთი ბანკის" მოგება კი წლიურ ჭრილში 28%-ით, 29 მილიონ ლარამდე შემცირდა.
BM.GE
წყარო: bm.ge