მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 25-31 მაისი
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 25-31 მაისი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 25-31 მაისი

BM.GE31 მაისი, 2026, 08:32|bm.ge

წარმოგიდგენთ 25-31 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში

Tether-ი ლარის სტეიბლკოინ GELT-ს გამოუშვებს

გლობალური კრიპტო-ინდუსტრიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კორპორაცია Tether-მა 25 მაისს საქართველოს მთავრობასთან ერთად ლარის სტეიბლკოინის პროექტი წარადგინა. საუბარია კრიპტოვალუტის განთავსებაზე, რომელიც მუდმივად ერთი ლარის ფასს შეინარჩუნებს. ლარის სტეიბლკოინის სახელი GELT იქნება. ეს იქნება USDT-ის, ანუ აშშ დოლარის სტეიბლკოინის ანალოგი, რომელიც $1 დოლარი ღირს. პრეზენტაციის შემდეგ, Tether-ის CEO-მ პაოლო არდოინომ BMG-ის კითხვებს უპასუხა, მისი თქმით, პროექტისთვის ჯერ ეროვნული ბანკის ლიცენზია ესაჭიროებათ და ეს პროექტი სებ-ის მიერ 2026 წლის მარტის დასაწყისში მიღებული რეგულაციის შესაბამისად განხორციელდება. საუბარია იმ ნორმაზე, რომლითაც ეროვნულმა ბანკმა სტეიბლკოინების გამოშვების წესები განსაზღვრა.

სებ-ის რეგულაციის თანახმად, იმისთვის, რათა კომპანიამ ლარის სტეიბლკოინი განათავსოს, მან მომხმარებლების მიერ მიღებული სახსრების 100% უნდა დაარეზერვოს და მუდმივად იქონიოს რეზერვში. ეს ნიშნავს რომ თუკი Tether-ი 1 მილიონი ლარის GELT-ს გამოუშვებს, მას მუდმივად უნდა ჰქონდეს დარეზერვებული 1 მილიონი ლარის ლიკვიდური აქტივები.

2026 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა, 4 თვეში 8.3%-ით

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით განისაზღვრა.

საქსტატის თანახმად, აპრილში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 15 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 10.3%-ით არის გაზრდილი. სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტად გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობა, ხოლო კლება სამთო მოპოვების და მშენებლობის სექტორებში დაფიქსირდა. ამასთან, აღნიშნულზე დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა ეკონომიკის სამინისტრომ სადაც მითითებულია, რომ წელს ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოში ნავთობის გადამუშავების დაწყებამ, რამაც მშპ-ის ზრდაში 1.83 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა.

თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა

26 მაისს თბილისსა და ბაქოს შორის 6-წლიანი პაუზის შემდეგ ყოველდღიური სამგზავრო მატარებელი აღდგა. თბილისის რკინიგზის სადგურზე მატარებლის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

Galt&Taggart-ის პროგნოზით, ბაქო-თბილისის სარკინიგზო რეისების აღდგენა ტურიზმს დამატებით $200 მლნ-ის გენერირების შესაძლებლობას მისცემს. როგორც საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში წერია, რკინიგზის აღდგენა მხოლოდ აზერბაიჯანიდან ტურიზმში მისაღები შემოსავლების პროგნოზს 2026 წლისთვის 435 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდის.

ეროვნული ბანკი ოქროს რეზერვების გაზრდას გეგმავს

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის სავალუტო რეზერვებში ოქროს წილის ზრდას განიხილავს - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სებს პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ოქრო ამჟამად რეზერვების 16.4%-ს, ანუ $1.06 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მომდევნო პერიოდში უნდა გაიზარდოს და აღნიშნული საპროგნოზო მაჩვენებელი მთლიანი რეზერვების (6.47 მილიარდი დოლარის) 25%-ია. შესაბამისად, სებ-ი განიხილავს რომ დამატებით შეისყიდოს დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების რეზერვები.

საქართველო თურქეთთან ელექტროენერგიის ბარტერს მოახდენს

საქართველოს მთავრობა თურქეთთან ელექტროენერგიის გაცვლის - ე.წ. ბარტერის მექანიზმს აამოქმედებს. შესაბამისი ცვლილებები „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილი 21 მაისის ბრძანებით შევიდა.

ცვლილებების მიხედვით, 2026 წლის მაისი-ივლისის პერიოდში საქართველოდან თურქეთში ესკოს მიერ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდება იმ პირობით, რომ მიწოდებული ენერგია ქვეყანას შემოდგომაზე - სექტემბერ-ნოემბერში იმავე მოცულობით დაუბრუნდება. ანალოგიური ნორმა მოქმედებდა 2018 წელსაც, რაც ქვეყნებს შორის ენერგიის ბარტერულ შეთანხმებას ითვალისწინებდა.

საქართველოში სიღარიბე შემცირდა - საქსტატი

საქსტატმა გამოაქვეყნა 2025 წლის სიღარიბის მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით 7.1%-მდე. გარდა უკიდურესი სიღარიბისა შემცირდა ფარდობითი სიღარიბე და მედიანური მოხმარების 60%-ის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 17.3% ცხოვრობს, რაც 2024 წელთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

ბრიტანეთმა საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია დაასანქცირა

26 მაისს დიდი ბრიტანეთის ხაზინის სანქციების ოფისმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, სანქციების სიაში მოხვდა სამი კომპანია რომლებიც საქართველოში არის რეგისტრირებული. სანქციების ძირითადი ნაწილი უკავშირდება კრიპტოვალუტების გაცვლის რუსულ სისტემებს, რომლებიც ოპერირებდნენ საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან. სანქციების გადაწყვეტილების თანახმად, ეს კომპანიები დაკავშირებული არიან რუსულ კრიპტო გაცვლის ქსელ A7 network-თან.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად სანქციები საქართველოში დაფუძნებულ შემდეგ კომპანიებს დაუწესდათ: Arvix LLC-ს (შპს არვიქს), Rapira Group LLC-სა (შპს რაპირა გრუპ) და Aifory LLC-ს (შპს ეიაიფორი). ბრიტანეთის საელჩოს თანახმად, აღნიშნული კომპანიების მეშვეობით სულ მცირე 70 მილიონი დოლარის ტრანზაქციები განხორციელდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTKI) რკინიგზა ოფიციალურად 2 ივნისს გაიხსნება - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომლითაც შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა" გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. განაცხადის თანახმად, 2 ივნისს, ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურზე დაგეგმილ პრეზენტაციას პროექტში მონაწილე ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საცდელ რეჟიმში 2017 წლიდან ოპერირებდა, ხოლო 2026 წლის 19 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბაქოში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა BTKI-ს პროექტის ოფიციალურ ექსპლოატაციაში შესვლას, რისთვისაც მისი ქონების მართვას ჩართული ქვეყნების ერთობლივი კომპანია BTKI Railways მოახდენს. რკინიგზის ტექნიკური გამტარიანობა წლიურად 5 მილიონი ტონაა, თუმცა გასული წლების განმავლობაში აღნიშნული დატვირთვის 10%-ის ათვისებაც კი არ მომხდარა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია. საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა სესხით სრულად დააფინანსა აზერბაიჯანულმა მხარემ, აღნიშნული კრედიტის მოცულობაა 775 მილიონი დოლარი და მისი გასტუმრება უნდა მოხდეს პროექტის მოგებიდან.

"საქართველოს ბანკმა" 300 მილიონი დოლარის ობლიგაციები განათავსა

Lion Finance Group-ში შემავალმა საქართველოს ბანკმა, წარმატებით განახორციელა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 6.50%-იანი არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების (Notes) განთავსება, რომლის დაფარვის ვადაც 2031 წლის 3 ივნისით განისაზღვრა. ობლიგაციებზე საპროცენტო სარგებლის გადახდა ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება. განთავსების ფასმა ნომინალური ღირებულების 99.475% შეადგინა.

ტრანზაქცია მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც საქართველოს ბანკისთვის, ისე ქართული კაპიტალის ბაზრისთვის. აღნიშნული ემისია არის ქართული ბანკის მიერ პირველი აშშ დოლარში დენომინირებული ევროობლიგაციების განთავსება, რომელიც 2024 წლის აპრილის შემდეგ განხორციელდა.

პარლამენტმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში. ცვლილება სამი მოსმენით განიხილეს და მას მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა. მთავრობა განმარტავდა, რომ ცვლილების დაჩქარებული წესით მიღება აუცილებელი იყო, რადგან ის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.

ცვლილებები ასევე ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში. პროექტი ქვეკონტრაქტორის ინსტიტუტს ცალკე არეგულირებს და განსაზღვრავს მისი შერჩევის, პასუხისმგებლობისა და კონტროლის წესებს. დოკუმენტის თანახმად, ეს ხელს უნდა უწყობდეს მცირე და საშუალო კომპანიების ჩართულობის ზრდას.

კანონი ამკაცრებს ე.წ. „შავი სიის“ მექანიზმსაც. ცვლილებების მიხედვით, თუ ეკონომიკური ოპერატორი ხელშეკრულების მიღების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჩაიდენს, მისი „შავ სიაში“ რეგისტრაციის ვადა ერთი წლის ნაცვლად ორ წლამდე გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა შეეზღუდებათ იმ კომპანიებსაც, რომელთა დამფუძნებლები ან ხელმძღვანელები დაკავშირებული არიან „შავ სიაში“ რეგისტრირებულ პირებთან.

უნიკალური ენოთეკა 20,000-მდე ისტორიული ნიმუშით - მთავრობა ღვინის გაყიდვას გეგმავს

28 მაისს საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, არსებულ “ღვინის ქარხანა №1”-ის სარდაფში დაცული რარიტეტული ღვინოების უნიკალური კოლექცია გადაეცა, რომელიც 20,000-მდე ეგზემპლარს აერთიანებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ამ კოლექციის სრულფასოვანი შესწავლის შემდეგ შეირჩევა უნიკალური ლოტები, რომლებიც აუქციონებზე გავა. ენოთეკის ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრნენ. კოლექცია მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება და მასში დაცულია ნაპოლეონ ბონაპარტთან, ალექსანდრე მესამესთან, ნიკოლოზ მეორესთან, იოსებ სტალინთან და სხვა ისტორიულ ფიგურებთან დაკავშირებული უნიკალური ნიმუშები. წინასწარ უცნობია კოლექციის რა ნაწილი შეიძლება განთავსდეს აუქციონებზე, ამისთვის ჯერ სააგენტომ ნიმუშები უნდა შეისწავლოს და სრულად აღწეროს - დაადგინოს მათი გამოშვების წელი, მოახდინოს ბრენდის და კოლექციის იდენტიფიკაცია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩვენს ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია, ვცდილობთ ჩინეთის ბაზარიც დავიმატოთ - "ვილა მოსავალი"

ჩვენს ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია, ვცდილობთ ჩინეთის ბაზარიც დავიმატოთ - "ვილა მოსავალი"

BM.GE

31 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

31 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

ჩინეთი და აშშ - რით ვაჭრობს პლანეტის ორი უდიდესი ეკონომიკა ერთმანეთთან?

ჩინეთი და აშშ - რით ვაჭრობს პლანეტის ორი უდიდესი ეკონომიკა ერთმანეთთან?

BM.GE

ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ დაბრუნების სტიმული, ან საქართველოს მოუწევს დაეყრდნოს უცხოურ მუშახელს - ფადი ასლი

ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ დაბრუნების სტიმული, ან საქართველოს მოუწევს დაეყრდნოს უცხოურ მუშახელს - ფადი ასლი

BM.GE