
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში
გთავაზობთ 27 აპრილი - 3 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
ბაზარზე არ აქვს ადგილი გადაჭარბებულ მარჟებს, საცალო ბაზარი ხასიათდება კონკურენტული დინამიკით - ფასების კომისიის დასკვნა
პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა, მუშაობა დაასრულა. შემაჯამებელ სხდომაზე კომისიამ დასკვნის პროექტს მხარი 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა. დოკუმენტი 70-მდე ბიზნესთან შეხვედრის და 80-ზე მეტი ბიზნესის საოპერაციო ხარჯების ანალიზით მომზადდა. მისი მიხედვით, საქართველოს FMCG ბაზარი კონკურენტულია და ბაზარზე ადგილი არ აქვს გადაჭარბებულ მარჟებს. ამასთან, დოკუმენტში საუბარია ღირებულებათა ჯაჭვში კომერციული ძალების ასიმეტრიაზე დისტრიბუტორებს, მცირე მწარმოებლებს და საცალო ქსელებს შორის, ასევე მიწოდების ჯაჭვების ეფექტიანობის ნაკლებობასა და ლოგისტიკურ ხარჯებზე.
დასკვნის თანახმად, სექტორის ანალიზი მიუთითებს, რომ:
• საცალო ბაზარი ხასიათდება კონკურენტული დინამიკით და დაბალი კონცენტრაციის დონით; • საცალო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ მიუთითებს გადაჭარბებულ მარჟებზე; • ფასის ფორმირების პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს კომერციული ურთიერთობები და საბრუნავი კაპიტალის პირობები; • ბაზარზე ფართოდ გამოიყენება მაღალი-დაბალი ფასების (Hi–Lo) მოდელი, რომლის ფარგლებში პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალიზდება ფასდაკლებებით, რაც ნიშნავს, რომ რეალური საშუალო ფასი სისტემურად დაბალია სტანდარტულ (თაროს) ფასთან შედარებით.
დასკვნის თანახმად, იდენტიფიცირებული გამოწვევები ძირითადად უკავშირდება:
• ღირებულებათა ჯაჭვში კომერციული ძალების ასიმეტრიას; • მაღალი საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნას და გადახდების გახანგრძლივებულ ვადებს; • მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობასა და ლოგისტიკურ ხარჯებს; • ბაზრის არასაკმარის გამჭვირვალობას, განსაკუთრებით კომერციული პირობების ნაწილში.
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველ კვარტალში 9.1%-ით
მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ჯამურად, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.1%-ით გაიზარდა. საქსტატის თანახმად, მარტში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 15.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.4%-ით მეტი იყო. საქსტატის თანახმად, ეკონომიკური ზრდა შეეხო ფაქტობრივად ყველა სექტორს გარდა სასტუმროებისა და ტურიზმის და ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების სექტორებისა.
აღნიშნულის გათვალისწინებით Galt & Taggart-მა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7%-მდე გაზარდა.
ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ რეზერვები პირველად მარტში გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა 2026 წლის მარტის Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების ამსახველი სტატისტიკა, საიდანაც ირკვევა რომ გასულ თვეში სებმა შესყიდვის ნაცვლად, თანხა გაყიდა - აღნიშნული გაყიდვები ჯამურად 16.2 მილიონ დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს რეზერვები საერთოდ არ გაუყიდია. შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მარტში საქართველოს სავალუტო ბაზარზე გავლენა მოახდინა ირანში დაწყებულმა კონფლიქტმა და კონფლიქტის პირველ დღეებში ლარი მცირედით გაუფასურდა, კერძოდ კი ერთი დოლარის კურსმა 2.74 ლარსაც გადააჭარბა (9 მარტს), აღნიშნულ პერიოდში ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ სებ-მა ვალუტის კურსის მხარდაჭერისთვის დოლარის რეზერვების გაყიდვები მოახდინა, როგორც ახლა ირკვევა აღნიშნული ოპერაციების მოცულობა 16.2 მილიონი დოლარი იყო.
მიხეილ ხიდურელი სსიპ "ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს" უხელმძღვანელებს
პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაუჭირა მხარი ყოფილი საჯარო-კერძო პარტნიორობის სააგენტოს რეორგანიზაციას. უწყება მთავრობის ადმინისტრაციიდან ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ გადაინაცვლებს და სახელი შეეცვლება - მას სსიპ "ინვესტიციების და ექსპორტის" სააგენტო ეწოდება. ამასთან, ამ უწყებაში გადაინაცვლებს მიხეილ ხიდურელი, რომელიც სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ს ხელმძღვანელობდა. ახალი სსიპ-ის ბიუჯეტი 17 მილიონი ლარი იქნება.
უწყება ძირითად ფუნქციებს, ასევე თანამშრომლებს "აწარმოე საქართველოში"-ს ინვესტიციების და ექსპორტის დეპარტამენტიდან გადაიბარებს. ამასთან, გრძელდება მუშაობა "აწარმოე საქართველოშის" და ყოფილი "საქართველოს განვითარების ფონდის" ბაზარზე "ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" დაფუძნების შესახებ. თუმცა, ჯერ შესაბამისი კანონპროექტი არ წარდგენილა.
სკოლის ფორმების შესაკერად სამინისტრო 44.9 მილიონი ლარის კონტრაქტს გააფორმებს
სკოლის ფორმებთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს კომპანია "საგანმანათლებლო რესურსები" 44.9 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს, რომლითაც 1 801 000 ერთეული ფორმა უნდა შეიკეროს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ თანხით საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სასკოლო ფორმების შესყიდვა უნდა მოხდეს. მიმდინარე წლის თებერვალში მიღებული კანონით, 2026–2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. სასკოლო ფორმების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2026 წლის პირველ კვარტალში 51 მილიონი ლარის მოგება მიიღეს
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 51.1 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს - ამის შესახებ მისოების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემებიდან ხდება ცნობილი. კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, მისოების ჯამური მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით, ანუ 22.2 მილიონი ლარით გაიზარდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისოებმა პირველ კვარტალში 135 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს, რაც წლიურად 43%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია სალომბარდე კრედიტებთან, რადგან ამ სეგმენტიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავლებმა 91.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 57%-ით არის გაზრდილი.
მთავრობა ანაკლიის პორტის გენერალური გეგმის - "მასტერპლანის" ალტერნატივებზე მუშაობს
საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის - "მასტრეპლანის" ალტერნატივებზე მუშაობს - ამის შესახებ ირკვევა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ PORT CONSULTANT ROTTERDAM-თან გაფორმებული კონტრაქტიდან. საკონსულტაციო კომპანიასთან ხელშეკრულება 24 აპრილს გაფორმდა და მისი ღირებულება 101,480 ევროს შეადგენს. ხელშეკრულების პირობებიდან ირკვევა, რომ ეკონომიკის სამინისტრო პორტის არსებული გენერალური გეგმის გადახედვასა და ალტერნატივების შესწავლაზე მუშაობს. სწორედ აღნიშნული ალტერნატიული პროექტი უნდა მიაწოდოს PORT CONSULTANT ROTTERDAM-მა სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი განვითარების სააგენტოს, ამასთან განახლებულ მასტერპლანს უნდა ახდეს კაპიტალური დანახარჯების განახლებული ბიუჯეტიც.
BMG-იმ უწყებას მიმართა კითხვით თუ რატომ გახდა პორტის გენერალური გეგმის განახლება საჭირო, სადაც აცხადებენ რომ გეგმა 2017 წელს არის შემუშავებული და ის ტვირთების გატარების გაუმჯობესების თვალსაზრისით განახლებას საჭიროებს.
BAG ინდექსი ბიზნესის მოლოდინების გაუარესებას აჩვენებს
2026 წლის I კვარტალში, 2025 წლის IV კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 2.5 ქულით გაუარესდა. აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი 4.2 ქულით, ხოლო მათ მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 1.1 ქულით გაუარესდა. ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2025 წლის IV კვარტალთან შედარებით გაუარესდა ყველა სექტორში გარდა მრეწველობის სექტორისა.
მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს. 2026 წლის პირველი კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 2026 წლის 4-17 მარტის პერიოდში.
სახელმწიფო მინისტრის პოსტი შეიქმნა - მთავრობამ უფლებამოსილება განსაზღვრა
მთავრობამ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის უფლებამოსილებები განსაზღვრა. შესაბამისი დადგენილება ირაკლი კობახიძის ხელმოწერით უკვე გამოიცა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შექმნილია სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობის, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვის, ასევე მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებისა და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირების, ასევე კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან კოორდინაციის/ კომუნიკაციის მიზნით.
მარტში საბანკო დაკრედიტება 1.68 მილიარდი ლარით გაიზარდა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ, 2026 წლის მარტის ბოლოსათვის 72.74 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.68 მილიარდი ლარით (2.37%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.35% -ით მეტი).
ეროვნული ბანკის თანახმად, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.94% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 775.38 მლნ ლარით (1.89%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 907.04 მლნ ლარით (3.02%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.99%-ით).
დეპოზიტების პორტფელი მარტში 1.61 მილიარდით გაიზარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქართულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა მარტში 1.61 მილიარდი ლარით გაიზარდა და 69.47 მილიარდი ლარი შეადგინა. ერთთვიან ჭრილში დეპოზიტების პორტფელი 2.37%-ით გაიზარდა.
"დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 19.44% შეადგინა. მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 689.69 მილიონი ლარით, ანუ 2.09%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.89%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 916.49 მილიონი ლარით, ანუ 2.63%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.53%-ით)."
ჩინური კომპანია Dayu Enegry-ი ფარავნის ტბასთან 130-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს
ჰონგ-კონგში რეგისტრირენული კომპანია DAYU NEW ENERGY LIMITED-ის ქართული შვილობილი ფარავანთან 130-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას გეგმავს - ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის კომპანიის მიერ წარდგენილი პროექტიდან ხდება ცნობილი. 21 ტურბინა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჯავახეთის ქედზე უნდა დამონტაჟდეს.
პროექტს შპს დეიუ ნიუ ენერჯი ფარავანი ახორციელებს, რომელიც ჩინურმა კომპანიამ საქართველოში 2022 წლის ივნისში დააფუძნა, ხოლო პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 მარტის განკარგულებით გაუფორმდა შესაბამისი შეთანხმება, ახლა კი დეტალური პროექტი გზშ ნებართვის მოსაპოვებლად ინვესტორმა გარემოსდაცვითი შეფასების პორტალს წარუდგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge