
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში
გთავაზობთ 26 ოქტომბერი - 1 ნოემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, 9 თვეში ჯამურად 7.4%-ით
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის თანახმად, სექტემბერში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 17.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 13.5%-ით არის გაზრდილი. კონკრეტული სექტორებიდან მატება ფიქსირდება ყველა მიმართულებით გარდა დამმუშავებელი მრეწველობისა და ადმინისტრაციული მომსახურებების სექტორისა.
თბილისში საერთაშორისო ფინანსური სამიტი გაიმართა
27-28 ოქტომბერს, საქართველოში მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება - "თბილისის ფინანსური სამიტი" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ევროპის, ასევე აზიის წამყვანი საფინანსო ორგანიზაციების, ასეცე ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებმა. წლევანდელი სამიტის თემაა იყო "რეგიონალური ეკომონიკური დერეფნების შექმნა პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში". ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს წამყვანი საფინანსო კომპანიების და ბანკების, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის, GFTN-ის ორგანიზებით ჩატარდა.
პარლამენტმა სამორინეების მიერ საერთაშორისო ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაჩქარებული წესით მიიღო
საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩასატარებლად საგადასახადო შეღავათები დამტკიცდა. დეპუტატ შოთა ბერეკაშვილისა და „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 27-28 ოქტომბრის სესიაზე სამი მოსმენით დაამტკიცა. ძირითადი პირობები და ცვლილებები:
• შეღავათები: თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, კაზინო თავისუფლდება კლუბის მაგიდის მოსაკრებლისგან (მოქმედი განაკვეთით 4 000–14 000 ლარი კვარტალში), ხოლო უცხოელი მონაწილეების მოგება — საშემოსავლო გადასახადისგან. სხვა პირთა შემოსავალი 20%-ით დაიბეგრება. • მოთხოვნები: ტურნირის ჩატარება მხოლოდ სამორინეს ლიცენზიის მფლობელებს შეეძლებათ. მონაწილეთა სულ მცირე 80% უცხოელი უნდა იყოს. • ნებართვა და სანქციები: ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭიროა ცალკე ნებართვა (წლიურად 100 000 ლარი). პირობების დარღვევისთვის ჯარიმა 50 000 ლარია, ხოლონ უნებართვო ტურნირისთვის — 150 000 ლარი (შესაძლოა ნებართვის გაუქმებაც).
აზერბაიჯანის პრემიერის ვიზიტი
29-30 ოქტომბერს საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი სტუმრობდა. საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრები ირაკლი კობახიძე და ალი ასადოვი თანათავმჯდომარეობდნენ, ორ ქვეყანას შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა, ხოლო ვიზიტის ძირითადი შედეგები ოფიციალური პრესრელიზის თანახმად ასეთი იყო:
• ახალი შეთანხმებები: ხელი მოეწერა ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის („აბრეშუმის გზა“-„იფექ–იოლუ“) ფუნქციონირების შეთანხმებასა და მემორანდუმებს ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში. • სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები: აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 40%-ზე მეტად გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო აზერბაიჯანის ინვესტიციებმა საქართველოში 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. • ტრანსპორტი და შუა დერეფანი: ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის ეფექტიანობის ზრდაზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობის 5 მლნ ტონამდე გაზრდასა და საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე (ავტობანები, რკინიგზის მოდერნიზაცია, ანაკლიის პორტი, თბილისის ახალი აეროპორტი). • ენერგეტიკა: ხაზი გაესვა მოქმედი მილსადენების მნიშვნელობასა და ევროპასთან დამაკავშირებელი „მწვანე ენერგიის დერეფნის“ ერთობლივ განვითარებას.
Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯრობესა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი გაზარდა
2026 წლის 30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა. ამაასთან, სუვერენული რეიტინგის უახლესი შეფასების თანახმად, Fitch წელს 7.5%-იან ზრდას ელის, რომ 1 პროცენტული პუნქტით აღემატება მაისში არსებულ 6.5%-იან პროგნოზს. საგულისხმოა, რომ მაისში სააგენტომ საქართველოს პროგნოზი 5.3%-დან 6.5%-მდე გააუმჯობესა.
გაზის და წყლის ტარიფი საფეხურებრივი გახდება, სემეკი ახალ ტარიფს დეკემბერში დაამტკიცებს
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტით კომისია უფლებას იტოვებს ბუნებრივი აირის ტარიფი მოხმარებული მოცულობის მიხედვით დაუდგინოს, რაც იმას გულისხმობს, რომ ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის. ცვლილების შემდეგ საბაზისო მოხმარება იქნება შედარებით იაფი და ფინანსურად ხელმისაწვდომი, ხოლო ჭარბი მოხმარების შემთხვევაში იმოქმედებს განსხვავებული ტარიფი, რაც მოსახლეობას ენერგორესურსებისა და წყლის დაზოგვისკენ წაახალისებს.
რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა
რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 კომპანიას შეუზღუდა - ამის შესახებ ინფორმაციას პრორუსი ბიზნესმენი, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი მამუკა ფიფია ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ეს კომპანიებია: GWS-Wine-Company, "შატო მუხრანი" და "ვინივერია".
სექტემბერში ბანკებმა 718 მილიონი ლარის ახალი იპოთეკური სესხები გასცეს, 9 თვეში ჯამურად 4.85 მილიარდი ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის სექტემბერში კომერციულმა ბანკებმა სულ 718 მილიონი ლარის ღირებულების 6644 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს, რაც თანხობრივად წლიურად 62%-ით, ხოლო რაოდენობრივად 38%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ამ მოცულობის ახალი იპოთეკური სესხები აქამდე არცერთი წლის არცერთი თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. მთლიანობაში 2026 წლის 9 თვეში ბანკების მიერ გაცემულია 4.85 მილიარდი ლარის ახალი იპოთეკური სესხები, ხოლო ამ კრედიტების რაოდენობა 46,358-ს შეადგენს. წლიურ ჭრილში პორტფელის ზრდა 49%-ია, ხოლო სესხების რაოდენობა კი 24%-ით არის გაზრდილი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება 9 თვეში 172.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა
საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში 172.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 57.7%-ით აღემატება. ამავე პერიოდში სექტორის საკრედიტო პორტფელი 27.4%-ით, 2.26 მლრდ ლარამდე გაიზარდა.
ფინანსური შედეგების მიხედვით, მიკროსაფინანსო სექტორის ზრდის ძირითად წყაროდ ლომბარდული დაკრედიტება რჩება. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ოქროთი და სხვა ძვირფასი ლითონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა 1.62 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 71.8%-ია.
BSP-ის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნედლი ნავთობის მესამე პარტია მიიღო
ბლექ სი პეტროლიუმმა (BSP), რომელიც ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას ფლობს და მართავს, ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის მესამე პარტია მიიღო. დაახლოებით 86 ათასი ტონა ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერი FRANKOPAN-ი 28 ოქტომბერს SOCAR-ის კუთვნილ ყულევის შავი ზღვის ტერმინალში შევიდა.
საქართველოში Alipay+ის დანერგვა იგეგმება
Ant International-ის გლობალური საგადახდო ქსელი Alipay+ საქართველოს ბაზარზე შემოდის, სადაც მისი ექსკლუზიური პარტნიორი „ნეო ქართული ბანკი“ გახდა. თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, სისტემის სრული ამოქმედება 2027 წლის მეორე კვარტალის ბოლოსთვის იგეგმება.
• რა არის Alipay+: ტრანსსასაზღვრო ციფრული საგადახდო ეკოსისტემა, რომელიც 50-ზე მეტ საერთაშორისო საგადახდო პარტნიორს, 2 მილიარდზე მეტ მომხმარებელსა და 150 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტს აერთიანებს. • ტექნოლოგიური ინტეგრაცია: იგეგმება ადგილობრივი ბანკების ცენტრალიზებულ ქსელში ჩართვა, QR-კოდით გადახდების დანერგვა და ქართული საბანკო აპლიკაციების/ბარათების თავსებადობა Alipay+-ის გლობალურ ქსელთან. • უცხოელი ვიზიტორებისთვის: საერთაშორისო ტურისტები (განსაკუთრებით აზიიდან) საქართველოში ანგარიშსწორებას საკუთარი ეროვნული მობილური საფულეებითა და აპლიკაციებით შეძლებენ, რაც გატივებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის მომსახურებას. • ქართველი მომხმარებლისთვის: ადგილობრივ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, Alipay+-ის გლობალურ ქსელში (მათ შორის აზიაში მოგზაურობისას) მარტივად გადაიხადონ. • ვადები: პროექტი მარეგულირებლის ნებართვებისა და საპილოტე ტესტირების შემდეგ, 2027 წლის II კვარტლის ბოლოს ამოქმედდება.
BM.GE
წყარო: bm.ge