მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 7-13 სექტემბერი
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 7-13 სექტემბერი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 7-13 სექტემბერი

BM.GE13 სექტემბერი, 2026, 13:21|bm.ge

გთავაზობთ 7-13 სექტემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8.25%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სები მიუთითებს რომ აგვისტოში ინფლაციის 5.8%-მდე ზრდა ძირითადად საგარეო ფაქტორების მიერ, უფრო კონკრეტულად კი საწვავის ფასის ზრდით იყო განპირობებული, ხოლო ინფლაციის სხვა მდგენელების მიმართულებით კი პირიქით სტაბილიზაცია შეიმჩნევა, თუმცა ენერგომატარებლების გაძვირებიდან გამომდინარე ინფლაცია გაზრდილია.

საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულ 8.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 56.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 8.14 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით საერთაშორისო რეზერვები 613 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მიმდინარე დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ (ARA metric) ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს აღემატება და 128.2%-ს შეადგენს.

საქართველოში საწვავი გაძვირდა

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის მატების ფონზე, აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში საწვავი 10-დან 55 თეთრამდე გაძვირდა. სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით ფასების ზრდა და მიმდინარე ღირებულება ასე გადანაწილდა:

• სუპერი: გაძვირდა 10–20 თეთრით (ფასი: ₾3.90 – ₾4.52) • პრემიუმი: გაძვირდა 10–22 თეთრით (ფასი: ₾3.75 – ₾3.99) • რეგულარი: გაძვირდა 10–20 თეთრით (ფასი: ₾3.60 – ₾3.79) • დიზელი: გაძვირდა 42–55 თეთრით (ფასი: ₾3.45 – ₾4.67)

ყველაზე მკვეთრად დიზელის ტიპის საწვავის ღირებულება გაიზარდა.

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 21%-ით შემცირდა

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 750 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით, ანუ 210 მილიონი დოლარით ნაკლებია. მათ შორის, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 281 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის I კვარტალის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 19.7%-ით ნაკლებია. 2026 წლის II კვარტალში კი, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 468.8 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეს 2025 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემზე 23.2%-ით ნაკლებია.

ბათუმიდან სარფამდე 11.3-კილომეტრიან ახალ მაგისტრალს და გვირაბს ჩინური კომპანია ₾809-მილიონად ააშენებს

ბათუმი სარფის მაგისტრალს, რომლის სიგრძეც 11.3 კილომეტრია ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Co ააშენებს. 809 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. პროექტი მოიცავს მდინარე ჭოროხზე 1.47 კილომეტრიანი ხიდის და 7.6 კილომეტრის სიგრძის გვირაბის მშენებლობას, ასევე 500 მეტრის ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობას. პროექტზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და მასში წინადადებების წარდგენა იანვარში დასრულდა, გასული რვა თვის განმავლობაში კი სამინისტრო წარდგენილ წინადადებებს სწავლობდა.

2026 წლის რვა თვეში ბიუჯეტში 18.1 მილიარდი ლარი შევიდა

ნაერთ ბიუჯეტში 8 თვეში 18.1 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, რაც წლიური გეგმის 67%-ს და 9 თვის გეგმის 91%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, განაცხადა.

ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახადების სახით 15.5 მილიარდი ლარი მობილიზდა, რაც წლიური გეგმის 66.5%-ია. 2026 წლის ბიუჯეტით ცენტრალური მთავრობის საგადასახადო შემოსავლები 23.2 მილიარდი ლარით არის დაგეგმილი. მთავრობა წლის ბოლოს ბიუჯეტის კორექტირებას განიხილავს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ფაზა დასრულდა - მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობა გაიხსნა

შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთში, რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები განხორციელდა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა. შეიცვალა წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელები. ასევე, უკვე მოეწყო მიწისქვეშა კაბელ-არხები და საჰაერო სადენების გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიმართა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2026) 7-8 სექტემბერს ბათუმში გაიმართა. ღონისძიება პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. მას მსოფლიოს წამყვანი საზღვაო და ლოგისტიკური კომპანიების მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ. ფორუმზე საქართველოს როლზე შუა დერეფანში, შავი ზღვის დაკავშირებადობასა და ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაზე იმსჯელეს.

ფორუმის გახსნაში მონაწილეობდნენ პრემიერი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი არსენიო დომინგესი.

ვაშლის მოსავლის სუბსიდირების პროგრამა დასრულდა

სახელმწიფომ ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა 10 წლის შემდეგ შეწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტი ვაშლის კონცენტრატების მწარმოებლებს არასტანდარტული ვაშლის შესყიდვას აღარ დაუსუბსიდირებს. პროგრამის დასრულება BM.GE-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაუდასტურეს.

პროგრამის გაუქმების შესახებ ინფორმაცია 2 სექტემბერს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ფერმერების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. აგრომეურნეობა „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებლის, ზურაბ გოჯიაშვილის თქმით, სექტორში პროგრამის გაუქმებას დადებითად აფასებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

13 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

13 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

BM.GE

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

BM.GE

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

BM.GE