
გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე, "ლიბერთიმ" ირაკლი რუხაძის ჰოლდინგზე 128 მილიონის დივიდენდი გასცა - Fitch
"ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" შესყიდვის გარიგების შესახებ მეტი დეტალი ხდება ცნობილი, დღეს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა გამოაქვეყნა გაერთიანებული ბანკის ფინანსური მიმოხილვა, სადაც აღნიშნა, რომ გარიგება მოიცავდა "ლიბერთი ბანკის" წინა მესაკუთრის - ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსის" მიერ ბანკის 2025 წლის მოგების დივიდენდის სახით მიღებას. აღნიშნული დივიდენდი Fitch-ის თანახმად, 128 მილიონ ლარს შეადგენდა.
დივიდენდის გაცემის გამო, "ლიბერთი ბანკის" პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 14.2%-დან 10%-მდე შემცირდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა "ლიბერთის" დროებითი პერიოდი მისცა, რათა კაპიტალის მოცულობა შეავსოს.
რაც შეეხება გარიგების სხვა დეტალებს, როგორც BMG-მ 28 აპრილს გამოაქვეყნა ინფორმაცია, ბაზისბანკმა "ლიბერთის" აქციების საკონტროლო პაკეტის შესყიდვისთვის 674.1 მილიონი ლარი გადაიხადა.
შესაბამისად, აქციების შესყიდვის ფასი იყო 674.1 მილიონი ლარი, რასაც ემატება გაცემული დივიდენდი 128 მილიონი ლარის ოდენობით, რაც ჯამში 802.1 მილიონ ლარს შეადგენს, ანუ 298 მილიონ დოლარს.
ამასთან, BMG-ის ინფორმაციით, გარიგება მოიცავდა სხვა ოპერაციებსაც, რომლებიც მომავალში უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, დივიდენდის, აქციების შესყიდვის და სხვა ოპერაციების გათვალისწინებით, 330-350 მილიონ დოლარსაც შეიძლება აღწევდეს.
"ბაზისბანკის" და "ლიბერთი ბანკის" გაერთიანების შესახებ:
"ბაზისბანკი"
ბაზისბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც კორპორაციულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული. მისი მფლობელია ჩინური "ჰუალინგ გრუპი", ხოლო უშუალოდ "ჰუალინგ გრუპის" აქციონერები არიან ჩინეთის მოქალაქეები, ბიზნესმენები წოუ ივეი 46.76% და მი ზაიქი 51%.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5 მილიარდ ლარს, საკრედიტო პორტფელი 3.57 მილიარდ ლარს, დეპოზიტები კი 3.6 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წელს 122.4 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა. ბანკის ROE, ანუ უკუგება კაპიტალზე 14%-ს შეადგენს. ბანკის აქტივები სისტემის 4.73%-ია.
"ლიბერთი ბანკი"
ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.
ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.1 მილიარდ ლარს შეადგენს, კრედიტების მოცულობა 4.42 მილიარდი ლარია. დეპოზიტები კი 4.41 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია. უკუგება კაპიტალზე (ROE) 15.7%-ს შეადგენს. "ლიბერთის" აქტივები საქართველოს საბანკო სისტემის 5.80%-ია.
ბანკის აქციონერები იყვნენ Hunnewel Partners-ის დამფუძნებლები - ირაკლი რუხაძე 31.31%; ბენჯამინ ალბერტ მარსონი 31.31% და იგორ ალექსეევი 31.31%. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სწორედ ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობდა.
რა იქნება გაერთიანებული ბანკის ზომა:
შერწყმის შემდეგ გაერთიანებული ბანკის პარამეტრები აქტივების ზომით იქნება 11.18 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 10.53%-ია. საკრედიტო პორტფელი 8 მილიარდი ლარი, რაც სისტემის 10.9%-ია, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი კი ასევე 8 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 11.5%-ია.
BM.GE
წყარო: bm.ge