
გაყიდვები საშუალოდ 25%-მდე გაიზარდა - "ჰერბია"
მწვანილისა და ბოსტნეულის ადგილობრივი მწარმოებელი „ჰერბია“ მიმდინარე წელს გაყიდვების სტაბილურ ზრდას ინარჩუნებს და გაფართოებას ეტაპობრივად აგრძელებს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ ისაუბრა. მისი თქმით, კომპანია მაღალი ტემპის ზრდიდან სტაბილურ ზრდაზე გადავიდა და გასულ წელს გაყიდვები საშუალოდ 15-25%-ით გაზარდა.
„როგორც ვვარაუდობდით და პროგნოზი გვქონდა, ზუსტად იმ სვლით მივდივართ. თუ წინა წლებში 45%-იან ზრდას ვხედავდით, ახლა უკვე სტაბილიზაციის წლებზე დავდექით და გაყიდვები დაახლოებით 15-25%-ით გავზარდეთ. ასეთი იყო გასული წელიც და არ ვუჩივით გაყიდვებს“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.
მისი ინფორმაციით, გაყიდვების ზრდას წარმოების გაფართოებაც უწყობს ხელს. კომპანია ყოველწლიურად ახალ სასათბურე მეურნეობას ამატებს და ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. ჯანელიძე აქვე აღნიშნავს, რომ ახალი სასათბურე პროექტი სრულდება, რომელიც მიმდინარე წელს პირველ მოსავალს მისცემს კომპანიას : „ყოველწლიურად ერთ ჰექტარს ვამატებთ და წლევანდელი წელიც გამონაკლისი არ არის. სრულდება ახალი სასათბურე მეურნეობა, რომელიც უკვე წელს პირველ მოსავალს მოგვცემს“, - ამბობს ის.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, მიმდინარე გაფართოება გასულ წელს დაანონსებული საინვესტიციო გეგმის ნაწილია და სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამასაც მოიცავს. მისივე თქმით, „ჰერბია“ მხოლოდ პირველადი წარმოების ზრდაზე არ არის ორიენტირებული და ინვესტიციებს სრულ საწარმოო ჯაჭვში ანაწილებს - სასათბურე მეურნეობიდან ლოჯისტიკამდე და დისტრიბუციამდე.
„რომ მოვისურვოთ მხოლოდ ერთი რგოლის გაზრდა, ეს სწორი არ იქნება. საბოლოო შედეგისთვის საჭიროა მთელი ჯაჭვის თანაბარი განვითარება - პირველადი წარმოება, გადამუშავება, საწყობები, ლოგისტიკა და დისტრიბუცია“, - აღნიშნავს ჯანელიძე.
მისივე შეფასებით, კომპანია გაფართოებას მომხმარებლის მოთხოვნაზე დაყრდნობით და ფრთხილი ტემპით ახორციელებს, რადგან სწრაფი ზრდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს.