
გაზრდილი ფასები ენერგომატარებლებზე, ინფრასტრუქტურის მიმდინარე კონტრაქტებს და ტენდერებს რისკის ქვეშ აყენებს - ასოციაცია
ინფრასტრუქტურის მშენებელმა კომპანიებმა საწვავის მოხმარება შეამცირეს - მიზეზი ნავთობპროდუქტებზე მაღალი ფასი და შემცირებული კაპიტალური დანახარჯებია. ასოციაციის ხელმძღვანელი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ინდექსაციის მექანიზმის არარსებობის პირობებში აღნიშნული მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებს როგორც მიმდინარე კონტრაქტებს, ისე ტენდერებს. ირაკლი გიორგობიანის ინფორმაციით, სექტორი სახელმწიფოს მხრიდან ინდექსაციის საკითხზე სიახლეებს უახლოეს დღეებში ელოდება.
“[საწვავის] მოხმარება შემცირებულია ერთის მხრივ სეზონურობიდან და მეორე - შემცირებული კაპიტალური ინვესტიციებიდან, რასაც თავის მხრივ ემატება გაზრდილი ფასები ენერგომატარებლებზე, რაც მიმდინარე კონტრაქტებს ცალსახად რისკის ქვეშ აყენებს და შესაბამისად, იმ მიმდინარე ტენდერებსაც, რომელიც გამოცხადებულია, რომელიც რეალურად არ ასახავს იმ რეალურ ხარჯებს, რომელიც დღეს ბაზარზე შექმნილია. თავის მხრივ, ინდექსაციის მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვანი ბარიერია ნებისმიერი კვალიფიციური მიმწოდებლისთვის, რომელიც ტენდერში მონაწილეობას ფიქრობს ან გეგმავს.
რაც შეეხება ინდექსაციას, მოგეხსენებათ, რომ ეს საკმაოდ აქტიური თემაა, სახელმწიფო თავის მხრივ აქტიურად განიხილავს, რომ ყველა კონტრაქტში ინდექსაციის მექანიზმის ჩაიდოს - ეს იქცეს პრაქტიკად და არა რაღაც იმპულსურად ნებისმიერი შოკების დროს. თავის მხრივ სახელმწიფოს სატენდერო ფასწარმოქმნის დროს, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი და გარემოება იმისთვის, როცა ფასის ცვალებადობა ინდექსით არის დაზღვეული, მიმწოდებელი გაცილებით აგრესიული იქნება და მეტ რისკს აიღებს თავის საფასო წინადადებაში, რის შედეგადაც სახელმწიფო უფრო უკეთეს პირობებს მიიღებს.
ვფიქრობ, უახლოეს დღეებში, ინდექსაციის ნაწილზე კონკრეტული შედეგი გვექნება, რაზედაც დამატებით გაცნობებთ”, - აცხადებს ირაკლი გიორგობიანი.
როგორც ცნობილია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა, კერძოდ საწვავისა და ბიტუმის გაძვირებამ არსებული პროექტების თვითღირებულება 15%-ით უკვე გაზარდა.