
₾176 000-ის პოლიეთილენის ყუთების ყალბი ზედნადებები და ანგარიშფაქტურა გაასაღეს - დაკავებულია 2 პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი მათგანის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლითაც თითქოსდა 176 000 ლარის ღირებულების პოლიეთილენის ყუთები მიაწოდეს.
ამ უკანონო ქმედების სანაცვლოდ ბრალდებულებმა მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და მიიღეს 49 300 ლარი.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის/დოკუმენტის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას ჯგუფურად ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
BM.GE
წყარო: bm.ge