
₾400 მლნ-მდე ისე დაიხარჯა, შედეგი ვერ მივიღეთ - სურგულაძე სოც.დაუცველების დასაქმების პროგრამაზე
400 მილიონ ლარამდე ისე დაიხარჯა, რომ ვერაფერი შედეგი მივიღეთ - ასე აფასებს ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი ვატო სურგულაძე სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამას.
საქმე ისაა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის” ფარგლებში მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანად 600-ზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმდა. გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, ახლა მოხდება შეფასება, მათ შორის რამდენი ადამიანი დასაქმდა კერძო სექტორში.
სურგულაძის თქმით, პროგრამის ეფექტიანობა ძალიან დაბალი იყო და მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. მისივე თქმით, აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინოს ანგარიში, თუ კონკრეტულად რამდენი ადამიანი დასაქმდა პროგრამის შედეგად კერძო სექტორში.
“პროგრამა რომ გააკეთეს დასაქმების, 400 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ნახევარი მილიარდამდე ფული დაიხარჯა და რა მივიღეთ? არაფერი არ მივიღეთ, ისევ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური [პროგრამა იყო]. ეს პროგრამა გულისხმობდა იმას, რომ უნდა მომხდარიყო [სოციალურად დაუცველების] გადამზადება, დეფიციტური პროფესიების მიმართულებით ამ ხალხის მომზადება, რომ უკვე რეალურად დასაქმებულიყვნენ. და არა ისე, რომ თიანეთის სასაფლაოზე 124 მომვლელი იყო დასაქმებული, 124 მომვლელი, რომელსაც ყოველთვიურად ჰქონდა სამუშაო თუ არ ჰქონდა, 300 ლარს იღებდა. ეს არ არის დასაქმება და ახლა ბრძანეს, რომ 600 კაცი იქნება სსიპ-ებში და ააიპ-ებში [დასაქმებული]. ეს ისევ სახელმწიფო ფულია. საჭიროა ეს ხალხი იქ? მოდი, ასე დავსვათ ეს საკითხი, რომელ კერძო კომპანიებში არიან [დასაქმებულები], სია მოგვაწოდონ.
პრობლემა იმაშია, რომ ეს პროგრამები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ანუ თუ ხარ პოლიტიკურად ჩემ მხარეს, თუ მაძლევ ხმას არჩევნებზე, მაშინ მე შენ დაგეხმარები, თუ არა და საერთოდ დაკარგავ ყველანაირ სამსახურს. ეს არის ამ ხელისუფლების პრობლემა. იდეა კარგია, ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული, უნდა მუშაობდეს და თვითონ ქმნიდეს დოვლათს სახელმწიფოსთვის და არა სახელმწიფოს ხარჯზე.
ხელისუფლების მონაცემებით, ჩვენი ეკონომიკა იზრდება, ეკონომიკა თუ იზრდება, ადამიანი საქართველოდან არ უნდა გარბოდეს, იტალიაში, ესპანეთში, აშშ, რომ იქ დასაქმდეს. თუმცა მერწმუნეთ, რომ აქ ურჩევნია დასაქმება, თუ ის ღირსეული იქნება, ვიდრე უცხოეთში ცხოვრობდეს”, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.
„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ ხორციელდებოდა 2022 წლის პირველი მარტიდან. ის მოსარგებლეებს სთავაზობდა სამ ალტერნატივას (საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, დასაქმების ფორმალიზება, ღია შრომის ბაზარზე დასაქმება) იმისთვის, რომ 4 წელი ესარგებლათ საარსებო შემწეობით სტატუსის გადამოწმების გარეშე. დასაქმებულები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებდნენ ანაზღაურების სახით. 2025 წელს პროგრამის ბიუჯეტი 112.8 მლნ ლარი იყო, 2024 წელს - 109 მლნ ლარი, 2023 წელს - 107,3 მლნ, 2022 წელს კი 48.1 მლნ ლარი.
BM.GE
წყარო: bm.ge