
გერმანიაში 2035 წლისთვის ჟურნალისტების რაოდენობის განახევრებაა მოსალოდნელი - კვლევა
გერმანიაში ჟურნალისტების რაოდენობა 2035 წლისთვის შესაძლოა 50%-მდე შემცირდეს - ამის შესახებ მედიაექსპერტების ახალ კვლევაშია ნათქვამი.
ანგარიშში, რომელიც გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლების - ARD-ის, ZDF-ისა და Deutschlandradio-ს დაკვეთით მომზადდა, აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებების აუდიტორიისა და შემოსავლების კლებამ, ხელოვნური ინტელექტის აღმავლობასა და ტექნოლოგიური გიგანტების მზარდ გავლენასთან ერთად, შესაძლოა რეპორტიორებისთვის სამუშაო ადგილების მასშტაბური შემცირება გამოიწვიოს.
კვლევაში, რომელიც მიუნხენში კონფერენციაზე "Media Days" წარადგინეს, ოთხი შესაძლო სცენარია განხილული. მათი მიხედვით, მომდევნო ათწლეულის შუა პერიოდისთვის ჟურნალისტთა რაოდენობის კლება 12%-დან 50%-მდეა მოსალოდნელი.
ანგარიშის თანახმად, 2023 წელს გერმანიაში დაახლოებით 40 000 პროფესიონალი ჟურნალისტი მუშაობდა. ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, 2035 წლისთვის მხოლოდ 20 000-მდე დარჩება.
მკვლევრების განცხადებით, საბოლოო შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დაარეგულირებენ კანონმდებლები მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს და რამდენად მჭიდროდ ითანამშრომლებენ თავად მედიაორგანიზაციები.
კვლევა ვარაუდობს, რომ მომდევნო ათწლეულში მაყურებელთა რაოდენობისა და სარეკლამო შემოსავლების კლება გერმანულ მედიასაშუალებებს მძიმე დარტყმას მიაყენებს. 2035 წლისთვის აუდიტორია შესაძლოა 18%-დან 47%-მდე შემცირდეს, ხოლო რეკლამიდან მიღებული შემოსავალი - 10%-დან 43%-მდე დაეცეს.
მოსალოდნელია, რომ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები და AI პროვაიდერები ზრდას განაგრძობენ, რაც გაზეთებს, ტელემაუწყებლებსა და სხვა ტრადიციულ მედიაკომპანიებს აუდიტორიასთან პირდაპირ წვდომასა და საკუთარი კონტენტიდან შემოსავლის მიღებას გაურთულებს.
მოლოდინი განსაკუთრებით პესიმისტურია სცენარში, რომელსაც მკვლევრებმა "Big Tech Takeover" უწოდეს. სცენარის მიხედვით, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები მედიაბაზარზე სრულ დომინირებას აღწევენ.
კვლევა კელნის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარმა კრისტიან ცაბელმა და ტალინის უნივერსიტეტის პროფესორმა ულრიკე რონმა მოამზადეს. ნაშრომი აკადემიური წრეების, რეკლამის, წარმოებისა და მედიაპოლიტიკის სფეროს 34 ექსპერტთან ჩაწერილ ინტერვიუებს ეფუძნება.
BM.GE
წყარო: bm.ge