
გიორგი ჩახავა - არქიტექტორი, რომლის იდეები 103 წლის შემდეგაც მომავალზე გვიყვება
2026 წელს გიორგი ჩახავა 103 წლის გახდებოდა - არქიტექტორი, რომელმაც ქართული და მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კვალი დატოვა. მისი ხედვები დროს უსწრებდა, ხოლო იდეები დღემდე თანამედროვე და შთამაგონებელია. სწორედ ამიტომ, ჩახავას სახელი უკავშირდება არქიტექტურას, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიას, თავისუფლებასა და ინოვაციას აერთიანებს.
„აუცილებელია მოვერგოთ გარემოს, რომელიც მუდმივად იცვლება და ეს განსაკუთრებით ქალაქმშენებელ არქიტექტორს და ინჟინერს უნდა ახსოვდეს”, - ეს სიტყვები გიორგი ჩახავას ეკუთვნის და ზუსტად ასახავს მის პროფესიულ ფილოსოფიას.
მისი შემოქმედება მხოლოდ შენობების პროექტირებით არ შემოიფარგლებოდა - იგი ქმნიდა სივრცეებს, რომლებიც გარემოსთან ჰარმონიაში მოდიოდა.
არქიტექტორი, რომელმაც შექმნა განსხვავებული ხედვა
გიორგი ჩახავას პროფესიული გზა სამხედრო ავიაციიდან დაიწყო. იგი სწავლობდა როსტოვის სამხედრო მფრინავთა სკოლაში, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, მოგვიანებით კი არქიტექტურას დაუკავშირა ცხოვრება და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა.
პროფესიული გზა „თბილქალაქპროექტში“ დაიწყო და წლების განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა - იყო მთავარი სპეციალისტი, მთავარი არქიტექტორი, გზების მშენებლობის მინისტრის მოადგილე.
თუმცა, მას გამოარჩევდა არა ადმინისტრაციული პოზიციები, არამედ იდეები - იდეები, რომლებიც საბჭოთა ეპოქის სტანდარტულ მიდგომებს სცდებოდა.
ჩახავასთვის არქიტექტურა ბუნებასთან თანაარსებობას ნიშნავდა. სწორედ ქართული ლანდშაფტი, მთები, ფერდობები და ხედები იქცა მისი შთაგონების წყაროდ.
„უბრალო ქართველი გლეხ-კაცის უნარი, ააშენოს საცხოვრებელი იქ, საიდანაც იხსნება ყველაზე მომხიბვლელი ხედი, ყოველთვის იწვევდა ჩემს გაოცებას“, - ამბობდა იგი.