
გლობალური სასურსათო ფასები 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა - FAO
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს მონაცემებით, აგვისტოში მსოფლიო სასურსათო ფასები 2022 წლის მიწურულის შემდეგ უმაღლეს დონემდე გაიზარდა.
სასაქონლო კალათის ფასების ინდექსმა, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაში კვების პროდუქტების ყოველთვიურ ცვლილებას ზომავს, ივლისში დაფიქსირებული 130.8 პუნქტიდან 133.3 პუნქტამდე მოიმატა. სააგენტოს შეფასებით, ფასების ეს ნიშნული 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ შედეგს გაუტოლდა.
FAO-ს მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ აღნიშნა, რომ ფასების მატება ბაზარზე რისკის პრემიის დაბრუნებაზე მიუთითებს. მისი თქმით, კლიმატურ შოკებს, გეოპოლიტიკურ დაძაბულობასა და შეფერხებულ ლოგისტიკას მიწოდების შემცირების მოლოდინებზე გადამწყვეტი გავლენა აქვს.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს განმავლობაში ფასების მატება FAO-ს ხუთივე ძირითად სასაქონლო ჯგუფში დაფიქსირდა. ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა შაქრის მხრივ, რომლის ინდექსიც 11.9%-ით გაიზარდა და 2025 წლის ივნისის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს გაუტოლდა. როგორ ირკვევა, შაქარზე ფასების ზრდა ბრაზილიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონში წარმოების შემცირებამ და ევროპასა და აზიაში არსებულმა არახელსაყრელმა ამინდმა განაპირობა.
ამას გარდა, მარცვლეულის ფასების ინდექსი თვიურ ჭრილში 2.2%-ით გაიზარდა, მცენარეული ზეთის ღირებულებამ კი 0.6%-ით მოიმატა. როგორც ცნობილია, ევროპაში რეკორდულმა სიცხემ და გვალვამ სიმინდისა და შაქრის ჭარხლის ნათესებს სერიოზული ზიანი მიაყენა.
პარალელურად, ექსპორტის პროცესი საგრძნობლად შეაფერხა მარცვლეულის გადაზიდვების შეფერხებამ რუსეთიდან და უკრაინიდან.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, გაეროს სააგენტომ 2026 წლის გლობალური მარცვლეულის წარმოების მოლოდინი 3.4 მილიონი ტონით შეამცირა და ის 2.980 მილიარდ ტონაზე განსაზღვრა. ეს მონაცემი 2025 წელთან შედარებით მოსავლის 2%-იან კლებას ნიშნავს, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე დიდი წლიური შემცირებაა.
ამასთან, FAO-მ 2026-2027 წლების სეზონის ბოლოსთვის მარცვლეულის გლობალური მარაგების პროგნოზიც 1.1%-ით შეამცირა და მაჩვენებელი 947.2 მილიონ ტონამდე დაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ სასურსათო ფასების ისტორიული რეკორდი 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაფიქსირდა. მაშინ ინდექსმა 160.2 პუნქტს მიაღწია, აგვისტოს მიმდინარე მონაცემი კი ამ ისტორიულ პიკზე თითქმის 17%-ით დაბალია.
BM.GE
წყარო: bm.ge