
გლოლა, ჟაბეში...- სად შეისწავლიან სტიქიების მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის მიზანშეწონილობას?
მთავრობა 4 ლოკაციაზე მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევას და დეტალურ პროექტირებას ყიდულობს.
კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტო მყინვარულ ხეობებში დასახლებული პუნქტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებისთვის გამარტივებული შესყიდვით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.4 მლნ ევროს დახარჯავს.
აქედან თანხის დიდი ნაწილი, 786 400 ევრო (დღგ-ს ჩათვლით) სწორედ კვლევას მოხმარდება. ეს მოიცავს საფრთხეების და გეოდინამიკური პროცესების ანალიზს 4 ლოკაციაზე, მათ შორის მიწისპირა ტემპერატურის ლოგერების ინსტალაციას, მონიტორინგის ზუსტი ლოკაციების განსაზღვრას, საველე კვლევებს, ეტაპობრივი იმპლემენტაციის გეგმის შემუშავებას და საბოლოო ანგარიშის მომზადებას GIS მონაცემებით. ლოკაციები და შესაბამისი ვადები ასეთია:
• სოფელი გლოლა (ონის მუნიციპალიტეტი, რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რეგიონი; არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა);• სოფელი ჟაბეში (მესტიის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი; არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა);• დაბა სტეფანწმინდა (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, მცხეთა–მთიანეთის რეგიონი; არაუგვიანეს 2027 წლის 15 ნოემბრისა);• სოფელი დართლო (ახმეტის მუნიციპალიტეტი, კახეთის რეგიონი; არაუგვიანეს 2027 წლის 15 ნოემბრისა).
ამავე შესყიდვის ფარგლებში, 613 600 ევროა (დღგ-ს ჩათვლით) გათვალისწინებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების მონიტორინგის სისტემის ინსტალაციისა და ექსპლუატაციაში გაშვებისთვის, მათ შორის აქ შედის: დრონით კვლევის სერვისი, მონიტორინგის ვებ-პორტალის შექმნა, ექსპერტული მხარდაჭერა, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო მომსახურება და ტექნიკური სერვისი – 1 სისტემა. მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2026 წლის 31 ნოემბრისა.
როგორც გარემოს სააგენტო ასაბუთებს, შესყიდვის შეზღუდულ ვადაში განხორციელების აუცილებლობა განპირობებულია ბუნებრივი საფრთხეების ზრდის ტენდენციითა და ბოლო წლებში ჩატარებული დეტალური კვლევების შედეგად მაღალი რისკის „ცხელი წერტილების“ იდენტიფიკაციით.