
Google-ის ინჟინერს Polymarket-ზე ინსაიდერული ვაჭრობისთვის ბრალი წარუდგინეს
ტექნოლოგიური გიგანტის, Google-ის ინფორმაციული უსაფრთხოების ინჟინერს, მიკელე სპანიუოლოს ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალურმა სასამართლომ ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებისთვის წარუდგინა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა კომპანიის შიდა კონფიდენციალური მონაცემები დეცენტრალიზებულ საპროგნოზო პლატფორმა Polymarket-ზე ფსონების მოსაგებად გამოიყენა, რის შედეგადაც $1.2 მილიონის ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს დეცენტრალიზებულ საპროგნოზო ბაზარზე ინსაიდერული ვაჭრობის საფუძველზე აღძრული პირველი ფედერალური სისხლის სამართლის საქმეა.
როგორც ირკვევა, 36 წლის ინჟინერი, რომელიც პლატფორმაზე ფსევდონიმით „AlphaRaccoon“ ოპერირებდა, Google-ის საძიებო სისტემის ყოველწლიურ, გასაიდუმლოებულ სტატისტიკურ მონაცემებზე წვდომას ფლობდა. აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებით, მან 2025 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში რამდენიმე მსხვილი ფსონი განათავსა და ზუსტად იწინასწარმეტყველა, რომ წლის ყველაზე მოთხოვნადი ძებნადი პირი მომღერალი D4vd გახდებოდა. სასამართლო პროცესზე სპანიუოლო $2.25-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თავად კომპანია Google-ის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ სამართალდამცველებთან აქტიურად თანამშრომლობს და თანამშრომელს უფლებამოსილება უკვე შეუჩერა.
ამასთან, ნიუ-იორკის პროკურორ ჯეი კლეიტონის განმარტებით, აღნიშნული პრეცედენტი მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ანონიმური პლატფორმები სამართალდარღვევის ჩამდენ პირებს პასუხისმგებლობისგან ვერ დაიცავს. მისი თქმით, კორპორაციული ინსაიდერების მიერ არასაჯარო ბიზნეს-მონაცემების პირადი მიზნებისთვის გამოყენება ბაზრის მთლიანობასა და სამართლიანობას საფრთხეს უქმნის, რის გამოც მსგავსი ფაქტების გამოვლენა უწყების პრიორიტეტია.
საყურადღებოა, რომ Polymarket-ის იურიდიულმა სამსახურმაც დაადასტურა გამოძიებასთან თანამშრომლობის ფაქტი და აღნიშნა, რომ ციფრული აქტივებით შესრულებული ყველა ტრანზაქცია გამჭვირვალეა, რაც დამნაშავეთა იდენტიფიცირებას აადვილებს.
BM.GE
წყარო: bm.ge