
გუდაური, როგორც ცალკე აღებული ზაფხულის კურორტი, ჯერჯერობით, ვერ ფუნქციონირებს|ირაკლი ჭიღლაძე
“გუდაური ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ოთხსეზონიან კურორტად და ზაფხულის სეზონზე ის, ძირითადად, ყაზბეგისკენ მიმავალი ტურისტების ტრანზიტულ ლოკაციად რჩება”, - ამის შესახებ სასტუმროების მენეჯმენტკომპანია KA Group-ის დამფუძნებელმა ირაკლი ჭიღლაძემ BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, კურორტის ზაფხულის პოტენციალის ათვისებასა და მის სრულფასოვან ფუნქციონირებას შიდა ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური და მართვითი გამოწვევები უშლის ხელს.
"გუდაური ჯერ კიდევ არის და, ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე წელიწადი ისევ იქნება ზაფხულში ყაზბეგისკენ მიმავალი იმ ტურისტების შუალედური ლოკაცია იმ კომპანიებისთვის, რომლებისთვისაც ყაზბეგში დარჩენა შედარებით ძვირია და სტუმრებს გუდაურში ათავსებენ. გუდაური, როგორც ცალკე აღებული ზაფხულის კურორტი, ჯერჯერობით, ვერ ფუნქციონირებს და ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო. თუნდაც ბაკურიანს რომ შევადაროთ, იქ ზაფხულის სეზონზე მომართვიანობა ბევრად მაღალია“, - აღნიშნავს ირაკლი ჭიღლაძე.
ირაკლი ჭიღლაძე გუდაურის სასტუმრო ბიზნესის იმ წარმომადგენლებს შორისაა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ზაფხულში, გუდაურში მხოლოდ საბაგიროების ჩართვა ტურისტების დასატოვებლად საკმარისი არ არის.
რას ნიშნავს ზაფხულის სეზონის გახსნა - მხოლოდ საბაგიროების ჩართვას?!|ინტერვიუ "გუდაური როშეს" მმართველთან
მისი თქმით, საჭიროა, ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები, ღონისძიებებისა და ატრაქციების დაგეგმვა, ასევე, კურორტის იერსახესა და ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა.
“წერტილთან” ინტერვიუში სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა კურორტზე პასუხისმგებელი პირებისა და ინსტიტუციების მკაფიოდ განსაზღვრის აუცილებლობას. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომუნიკაციაში ხარვეზებია, რის გამოც ბიზნესსაც უჭირს გარკვევა, კონკრეტულ პრობლემებზე ვის უნდა მიმართოს.
"პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავიგოთ, ვინ რაზე არის პასუხისმგებელი, რომ შესაბამისად, კერძო სექტორმა მიმართოს კონკრეტულ საკითხზე პასუხისმგებელ პირს", - აღნიშნა KA ჯგუფის დამფუძნებელმა.
პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ ეფექტიან გზად ირაკლი ჭიღლაძეს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების (DMO) განვითარება მიაჩნია.
"პირველ რიგში, უნდა გავოგოთ, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, რომ კერძო სექტორმა შესაბამის პირს მიმართოს. DMO-ების განვითარება შეიძლება კიდევ უფრო სიღრმისეულად. ამის ძალიან კარგი მაგალითი იმერეთის DMO-ს სახით გვაქვს - ვფიქრობ, თავის საქმეს კარგად აკეთებენ. სხვა რეგიონებმაც თუ მიჰბაძეს, DMO-ს აქვს რესურსი, იყოს დედაქალაქთან პირდაპირ კომუნიკაციაში და ადგილობრივი ბიზნესის ხმა სწორად მიიტანოს", - აღნიშნა მან.
BM.GE
წყარო: bm.ge