მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გურამ როგავას, ლევან ხაბეიშვილის და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობისთვის 5 პირი, მათ შორის სპეცრაზმელები დააკავეს
გურამ როგავას, ლევან ხაბეიშვილის და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობისთვის 5 პირი, მათ შორის სპეცრაზმელები დააკავეს

გურამ როგავას, ლევან ხაბეიშვილის და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობისთვის 5 პირი, მათ შორის სპეცრაზმელები დააკავეს

BM.GE7 მაისი, 2026, 17:17|bm.ge

გენერალურმა პროკურატურამ 2024 წლის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა.

როგორც გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულთა შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია.

პროკურორის განმარტებით, გამოძიებამ დაადგინა კონკრეტულ პირთა მონაწილეობა იმ ძალადობრივ ეპიზოდებში, რომლებსაც გასულ წელს ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა. უწყების ინფორმაციით:

• 5 დაკავებულიდან 2 პირი სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში. • დანარჩენი პირები სამართალდამცავებმა სპეციალური ღონისძიების შედეგად დააკავეს. • ბრალდებულებს შორის არიან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები: 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი.

"საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. უფრო კონკრეტულად: ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს დავაკავეთ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებულია ათასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოკითხულია 550-ზე მეტი ადამიანი.

პირველი ეპიზოდი: 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება. ეს კადრები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

მეორე ეპიზოდი: 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.

მესამე ეპიზოდი: 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

სხვა სამართალდამცავ უწყებებთან საერთო კოორდინაციით, განვაგრძობთ გამოძიებას როგორც აღნიშნულ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით", - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება და პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მხოლოდ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში (2024 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით), სამართალდამცავების მიერ ძალადობის ფაქტების შესახებ 300-ზე მეტი საჩივარია შესული.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 52 პირს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აღნიშნულ აქციებზე ძალადობისთვის სამართალდამცველი დააკავეს. პატიმრობაშია აქციის ასობით მონაწილე

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ის ადამიანები, ვისაც ცვლადგანაკვეთიანი სესხი აქვთ, ბანკისგან საპროცენტო განაკვეთის ზრდის შესახებ მიიღებენ შეტყობინებას - კეპულაძე

ის ადამიანები, ვისაც ცვლადგანაკვეთიანი სესხი აქვთ, ბანკისგან საპროცენტო განაკვეთის ზრდის შესახებ მიიღებენ შეტყობინებას - კეპულაძე

BM.GE

Shell-ის მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა

Shell-ის მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა

BM.GE

მაისის ბოლოს აშშ-დან კიდევ ერთი დელეგაციის ვიზიტი იგეგმება - მაკა ბოჭორიშვილი

მაისის ბოლოს აშშ-დან კიდევ ერთი დელეგაციის ვიზიტი იგეგმება - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იმყოფება - კობახიძე უკვე შეხვდა

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იმყოფება - კობახიძე უკვე შეხვდა

BM.GE