
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დატოვებს - ცნობილია მისი შემცვლელის ვინაობაც
პეპ გვარდიოლა მიმდინარე ზაფხულში დატოვებს “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტს და ამით დასრულდება პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სეზონის დასრულების შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდება.
გვარდიოლას ხელმძღვანელობით „სიტიმ“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთ ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 55 წლის სპეციალისტმა გუნდთან ერთად 20 მთავარი ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგები, ჩემპიონთა ლიგა, FA Cup და ლიგის თასები. მიმდინარე სეზონში „სიტიმ“ უკვე მოიგო EFL Cup და FA Cup, ხოლო პრემიერ ლიგის ტიტულის მოგების შანსიც კვლავ აქვს.
გვარდიოლას სავარაუდო შემცვლელად სახელდება ენცო მარესკა, რომელიც რამდენიმე თვის წინ “ჩელსიდან” წავიდა. იტალიელი სპეციალისტი კარგად იცნობს „სიტის“ სისტემას, რადგან წარსულში გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდა.
ინფორმაციის მიხედვით, მარესკამ ჯერ კიდევ იანვარში აცნობა „ჩელსის“, რომ „სიტის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავდა. ცნობილია, რომ მანჩესტერულ კლუბში მას გვარდიოლას ფილოსოფიის ბუნებრივ გამგრძელებლად მიიჩნევენ.
ესპანელი სპეციალისტს კონტრაქტი ოფიციალურად 2027 წლის ივნისამდე აკავშირებდა კლუბთან, რა დროშიც ის ყოველწლიურად 23 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, რითაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მწვრთნელის სტატუსს ინარჩუნებდა. მან ახალი ხელშეკრულება 2024 წლის ნოემბერში გააფორმა, თუმცა ბოლო თვეებში მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს შესაძლოა მისი ბოლო წლები ყოფილიყო „ეტიჰადზე“. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი იმედოვნებდა მის დარჩენას, როგორც ჩანს, ეს ეპოქა დასრულებისკენ მიდის.
თუ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება, პეპი დატოვებს „მანჩესტერ სიტის“ როგორც კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი და ადამიანი, რომელმაც თანამედროვე ევროპულ ფეხბურთზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
46 წლის ენცო მარესკა 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა “ჩელსის” მას შემდეგ, რაც “ლესტერი” ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში დააბრუნა.