
"ჰესები დაცულ ტერიტორიებზე არ უნდა მოხვდეს" - მაია ბითაძე
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, უკვე მემორანდუმ გაფორმებული ჰესი დაცული ტერიტორიების საზღვრებში არ უნდა მოხვდეს. ამის შესახებ მან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლის, ვიკა ფილფანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კომიტეტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაიამ "ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" კანონში ცვლილებები წარადგინა. ოპოზიციონერი დეპუტატი ვიკა ფილფანი დაინტერესდა მოექცევა თუ არა ლუგელად და ბუხერის ხეობებში დაგეგმილი სამი ჰესის პროექტი "ეგრისის დაცულ ტერიტორიაზე" და თუ ჰქონდა სამინისტროს კომუნიკაცია ამ პროექტების ხელმძღვანელებთან.
ზურაბ ეზუგბაიას თქმით, პროექტი ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებული იყო და ჰესებთან დაკავშირებით განსაკუთრებული დათქმა საჭირო არ გამხდარა.
„ზუსტად კოორდინატებით პასუხის გაცემა მიჭირს. ეკონომიკის სამინისტროსთან ჩვენ ეს პროექტი შეთანხმებული გვქონდა. აქ, არავითარი საკითხი არ წამოჭრილა იმაზე, რომ რაიმე ტერიტორია არის ეროვნული პარკის შემოთავაზებულ ფარგლებში შესანარჩუნებელი ან გასათვალისწინებელი. ჰესებთან მიმართებით, რაც არის კანონმდებლობაში მიდგომა, სადაც ჰესის პროექტი არის განსახორციელებელი, მაგ შემთხვევაში დათქმას ვაკეთებთ კანონპროექტში, რაც არ გვაქვს.
თუ სამომავლოდ რაიმე საჭიროება წარმოიქმნება და სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროება ამას განაპირობებს, მაშინ ეს იქნება ცალკე განხილული საკითხი - დემარკაციის ან გამორიცხვის კუთხით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მაია ბითაძემაც გააკეთა. მისი თქმით, კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმას, რომ დაცული ტერიტორიების საზღვრებში არ მოხვდეს არატიპიური ან უკვე შეთანხმებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
„ჩვენი ძალიან მკაფიო და ნათელი პოზიციაა, რომ როდესაც იყო გადაფარვები და შემდეგ ჩვენ დემარკაციით დავიწყეთ და არატიპიური ინფრასტრუქტურის ამორიცხვა. ამიტომ ყოველი ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის თვალსაზრისით კომიტეტი განსაკუთრებით მომთხოვნია ხოლმე და ბატონმა ზურაბმა იცის, რომ არატიპიური ან დაგეგმილი უკვე ხელშეკრულება, მემორანდუმ გაფორმებული ინფრასტრუქტურა არ მოჰყვეს დაცულ ტერიტორიებზე. თუ მოხდა ისე, რომ რაღაც ინფორმაცია გაქვთ თქვენ, ჩვენ მეორე მოსმენამდე მზად ვართ, რომ თუ კოორდინატი საჭიროებს დაკორექტირებას, იმიტომ, რომ უკვე მემორანდუმ გაფორმებული ჰესი - პოტენციური ჰესი დაცული ტერიტორიების ტერიტორიაზე არ უნდა მოხვდეს. ამიტომ მადლიერები ვიქნებით, თუ ამ ინფორმაციას გაგვიზიარებთ“, – აღნიშნა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.