
იაპონიაში სამეფო ტახტის მემკვიდრე ქალი ისევ ვერ იქნება
იაპონიის პარლამენტის ზედა პალატამ იმპერატორის ოჯახის წევრთა რაოდენობის შემცირების გამო, მემკვიდრეობის წესების შემსუბუქების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.
როგორც ირკვევა, ახალი დოკუმენტით სამეფო ოჯახს 15 წელს ზემოთ ასაკის შორეული მამრობითი სქესის ნათესავების შვილად აყვანის უფლება მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები ქალებს ოჯახის გარეთ ქორწინების შემთხვევაში სამეფო სტატუსის შენარჩუნების შესაძლებლობასაც აძლევს.
ამასთან, მიღებული კანონი ტახტზე ქალების ასვლის აკრძალვას კვლავ ძალაში ტოვებს. არსებული ინფორმაციით, მოქმედი იმპერატორის ერთადერთი შვილი, პრინცესა აიკო მემკვიდრეთა სიის მიღმა ისევ დარჩება. ამავდროულად, ტახტის მემკვიდრეობის უფლება ქალი წევრებისა და უტიტულო პირების ქორწინების შედეგად დაბადებულ შთამომავლებსაც არ ექნებათ.
მიმდინარე ეტაპზე მემკვიდრეობის რიგში პირველი იმპერატორის უმცროსი ძმა, 60 წლის ფუმიჰიტო არის. მის შემდეგ სიას ფუმიჰიტოს 19 წლის ვაჟი, პრინცი ჰისაჰიტო აგრძელებს. მესამე ადგილს კი იმპერატორის 90 წლის ბიძა იკავებს. ცვლილებების გარეშე, პრინც ჰისაჰიტოს მიერ მამრობითი სქესის შვილის არყოლის შემთხვევაში, დინასტია არსებობას შეწყვეტდა.
რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს, ქვეყანაში ქალი მონარქის მხარდაჭერა მაღალია. Mainichi Shimbun-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, რომ იდეას გამოკითხულთა 70%-ზე მეტი ემხრობა.
შეგახსენებთ, რომ ეს გადაწყვეტილება 1949 წლის შემდეგ საიმპერატორო ოჯახის შესახებ კანონის ძირითად ტექსტში შეტანილი პირველი ცვლილებაა.
იაპონიის მონარქია მსოფლიოში უძველეს უწყვეტ დინასტიად ითვლება, რომლის ისტორიაც 2600 წელზე მეტს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოჯახიდან ჩამოშორებული 11 განშტოების წარმომადგენლებს ახალი კანონი უფლებებს კვლავ უბრუნებს.
BM.GE
წყარო: bm.ge