
"ICR ჯგუფი" წელს 160-170 ტონა ლურჯი მოცვის მოსავალს ელოდება|საექსპორტო ბაზარი ევროპაა
"ICR ჯგუფი", რომელიც დასავლეთ საქართველოში ლურჯი მოცვის პლანტაციებს ფლობს, წელს 160-170 ტონამდე მოსავალს ელოდება.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კრეფის სეზონი მიმდინარე კვირის ბოლოს იწყება და წარმოებული პროდუქცია თითქმის სრულად ექსპორტზე გავა.
"მოსავლის 90%-ის ექსპორტზე გატანას ვაპირებთ. საექსპორტო ბაზრები, ვისთანაც უკვე დავკონტრაქტდით, გერმანია, ჰოლანდია, იტალია და პოლონეთია. ფაქტობრივად, უკვე ივნისის პირველი რიცხვებიდან ტვირთებს გავაგზავნით. მოთხოვნა საკმაოდ დიდია - მიწოდება ვერ აკმაყოფილებს და ეს არის ერთადერთი მიმართულება, სადაც ბაღის გაფართოებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
ICR ჯგუფს ლურჯი მოცვის ბაღები ზუგდიდთან ახლოს, 40 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კახა ხაზარაძე ამბობს, რომ კომპანიას აქვს რესურსი, ფართობი კიდევ 50 ჰექტარით გაზარდოს, თუმცა გლობალური გაურკვევლობის გამო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
"ბაღების ფართობის გაზრდა, დაახლოებით, 3.5-4 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოითხოვს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოცვი გრძელვადიანი პროექტია და პირველ მოსავალს მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ იძლევა, გადაწყვეტილების მოკლევადიან ჭრილში მიღება რთულია. ამიტომ ველოდებით, რომ გლობალურად მეტ-ნაკლებად მკაფიო სურათი გამოიკვეთოს“, - ამბობს კახა ხაზარაძე.
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი და მათ შორის, ინვესტიციებს სოფლის მეურნეობის სექტორშიც ახორციელებს.
BM.GE
წყარო: bm.ge